domenica 25 gennaio 2009

ღვინობისთვე, 2004

* * *
მართებულია, როცა ადამიანი ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. მეგობრობაში ასე ხდება.

lunedì 12 gennaio 2009

იგრიკა, 2009

* * *
პოეტები იმად კი არ ვართ, რომ ლექსებს ვწერთ, არამედ იმად, რომ გვიყვარს.

* * *
ცარიელი გულისთვის სიყვარულიც ამაოებაა მაშინ, როცა გულმზიანი ადამიანი ამაოებასაც კი ამარადისებს.

* * *
სიყვარულის გულის ჭურჭელში დატევას თავსი ვაჟკაცობა და სიბრძნე სჭირდება.

* * *
სიყვარული ისიცაა, როდესაც უსიამოვნებაც კი ერთით მეტი მიზეზია სიყვარულის ზრდის

* * *
პატარაა იმ ადამიანის სიყვარულის ჭურჭელი, ვისაც არ ესმის მდუმარედ მეტყველი ტრფობის.

* * *
ზოგიერთი ფსიქოლოგიას წიგნებიდან ეცნობა, ზოგი კი გულისხმიერი იბადება.

* * *
ის ადამიანი ფლობს კარგად ენას, ვინც სიყვარულს მეტყველებს.

* * *
სიყვარულში წარსული, აწმყო და მერმისი ერთი მთლიანობაა.

* * *
პოეზია ისტორიის შემოქმედებაა. ეს უკანასკნელი კი-უფრო შექმნილის გააზრება და მოწესრიგებული აღწერა.

* * *
ის უფრო ახლოსაა უფალთან, ვინც აცნობიერებს, რომ გულითაც და გონებითაც შორსაა მისგან, ვიდრე ის, ვინც კიდევ უფრო დაშორებულია ღმერთს, მაგრამ თავი ღვთისგან განათლებულად მოაქვს.

* * *
სიყვარული სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გადის და ორივეზე მაღლდება.

* * *
სიყვარული ერთიანობის სისავსეა.

* * *
სულიერი კეთილშობილებაა ვაჟკაცობა.

* * *
საინტერესო ადამიანის გვერდით ცხოვრება ბედნიერებას არ ნიშნავს-ეს ოდენ ამისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

* * *
დედოფალს მეფის და მეფისადმი სიყვარული ქმნის დედოფლად; მონებს ავხორცები ელტვიან.

* * *
ადამიანი საკუთარი ჩანაფიქრებისა და მათი განხორციელების ხარისხით ადამიანობს.

venerdì 26 dicembre 2008

ქრისტეშობისთვე, 2008

* * *
ბევრის ცოდნის ილუზიით ისაა შეპყრობილი, ვინაც მხოლოდ ჭვრეტს და ჯერ ძვრაც არ უქმნია თავისი ცხოვრების გზაზე. გონების აბსტრაქტული მოძრაობა სიკვდილია, თუკი მის ჩონჩხს სიცოცხლე არ შეესხმება. მზიურობით კი ის ივსება ყოველდღიურ, ვინც სრულყოფილების სავალ გზაზე დაუღალავ მგზავრსა და ნეტარ უვიცს წარმოადგენს.

* * *
ქართველი ერის ღირსეული ვაჟკაცების კვალობაზე ჩვენი უკეთესი მერმისის მწამს, ხოლო ჩვენი ერის ღირსეული ასულების კვალობაზე კი ეს მერმისი რეალობა ხდება.

* * *
ზოგჯერ არაფერია ისე მოსაწყენი, როგორც კენტი გენიალურობა, რადგან ადამიანის ცხოვრებაში ამაზე უფრო აღმატებული შინაარსიც არსებობს.

* * *
"არ ვიცი" უფრო მეტ სიბრძნეს იტევს, ვიდრე "ვიცი".

* * *
სიმართლე, როგორიც არ უნდა იყოს იგი, მხოლოდ მართალ ადამიანს უყვარს და უხარია.

* * *
მთვარის მუსიკა დუმილში დაბადებული მუსიკაა.

* * *
სისადავეშია არისტოკრატიულობა.

* * *
როდესაც სული იცინის, ბაგე იღიმის.

* * *
სადაც სიყვარული ჭარბობს, იქ ადამიანი ადამიანისათვის ბედნიერების საფუარია.

* * *
ადამიანი, რომლის ცხოვრების ყოველი დღე იმის სურვილით იწყება, რომ რამე სიკეთე ჩაიდინოს და ვინმეს ბედნიერება მიანიჭოს, შინაგანად მეფეა.

* * *
მშვენიერება სულს ამზეღიმილებს.

* * *
ომის ერთ-ერთი მიზეზი ადამიანთა უვიცობაა., რითაც სარგებლობენ საკუთარი თავისა და კაცობრიობის მტრები.

* * *
თუ გინდათ, გააბედნიეროთ ქალი, მუდამ დაუგდეთ ყური, მაგრამ ყოველთვის ნუ დაჰყვებით, რათა არ გაუბედურდეს და თქვენც არ გაგაუბედუროთ.

* * *
ბედნიერია იგი, ვისაც სიყვარული მოძღვრავს და სიყვარულით სწავლობს.

* * *
ვისაც თავი სიცოცხლისთვის აქვს გადადებული, მას სიკვდილის არ ეშინია.

* * *
სიბრძნე სრულყოფილებასთან შედარებით საკუთარი უვიცობის გააზრებაა.

* * *
ყველაზე დიდ ბათურა ძაღლს ჭკვიანი და მელანქოლიური გამოხედვა აქვს... თვალები სულის სარკეა.

* * *
თუ გინდა იყო მზიური, შეეჩვიე ადრიანი დილით მზის მისალმებას

* * *
ლაპარაკი ------> საუბარი -----> მღერა -----> დუმილის კოსმიური მუსიკა -----> მზე

* * *
ყოფიერება ისეთივეა, როგორიცაა ადამიანი ზოგადად. აქ დეკარტის “სუბიექტური იდეალიზმი” მართალი ბრძანებაა.

* * *
რაც უფრო გაუგებ საკუთარ თავს, მით უკეთ შეძლებ სხვის გაგებასაც.

* * *
სიყვარული და სიკეთე ბედნიერების უმთავრესი კაპიტალია.

* * *
სიმართლე მღერის.

* * *
ჭეშმარიტება ქალსა ჰგავს-მოპოვებას ელოდება, რათა გაგავსოს შინაგან.

* * *
სიყვარული, ეს უკვე მეტაფიზიკაა...

* * *
ბევრმა მაკიაჟმა იერისა და გონების გამაკიაჟება იცის. სახის საუკეთესო სამკაული სულის მშვენიერებაა.

* * *
მზე, პირველ რიგში, ჯერ გულშია ასანთები, რომ შემდეგ უთვალავი მზე დაინახო ირგვლივ და მზედქცეული თავადაც კოსმიური მზის ნაწილი გახდე.

martedì 25 novembre 2008

გიორგობისთვე, 2008

* * *
სხვებს სასიამოვნოდ ისეთი ადამიანი აოცებს, რომლის უმთავრეს მიზანს სხვათა გაკვირვება კი არ წარმოადგენს, არამედ საკუთარი თავისადმი უფრო და უფრო დამსგავსება.

* * *
თავში მხოლოდ სულიერად ღარიბებს უვარდებათ.

* * *
ქალი მწვერვალივითაა, რომელიც შინაგან თავის დამპყრობს ელის და მისი ყოველი "არა" ამ უკანასკნელისადმი თქმული მოწვევაა.

* * *
ფეხბურთის ლამაზ სანახაობას იძლევა კარგი ფიზიკური მომზადების, მკვირცხლი გონებრივი შესაძლებლობების, სიმსუბუქისა და რვალივით მტკიცე ხასიათის ინდივიდუალურობაზე დაფუძნებული გუნდურობა.

* * *
შინაარსიანი ცხოვრება ისაა, რომელიც ღირს ცრემლად და ღიმილად.

* * *
დენზელ ვოშინგტონის დინჯი ღირსებითა და ელეგანტურად განსახიერებული გმირებიც და ფილმებიც სასიამოვნო მზის სითბოა დღევანდელი უღირსების სიბნელეში.

* * *
გული-სიცოცხლისა და ბედნიერების კომპასი.

* * *
თეთრი პოეზია-გაცოცხლებული პროზა

* * *
განაგდე არასოდეს-იყავი ყოველთვის.

* * *
უკვდავება ისაა, რომლის მოპოვებაც არა სხვისი, არამედ საკუთარი სიცოცხლის ფასად ხდება.

* * *
სიყვარულში და სიყვარულით ყოველივე თავის პირვანდელ, კანონზომიერ მდგომარეობას უბრუნდება და სიყვარული ხდება-არაა შემთხვევითი ჩვენი ტრფობის საგნის თავად სიყვარულად გადაქცევა, როცა გვიყვარს და მას სიყვარულს ვეძახით. მაშინ ღმერთები ვხდებით და ირგვლივაც ყველაფერი ღვთიურდება, სიყვარულდება.

* * *
სიკვდილს მხოლოდ სიყვარული ამარცხებს, სიყვარული კი უამრავი სიკეთის განძთსაცავია (პირად და გოდერძი ჩოხელის "ადამიანთა სევდის" მაგალითზე).

* * *
ის უფრო შესძლებს სიბრძნის სიყვარულის ღირსების დაცვას, ვინც ჩახედულია ფილოსოფიაში და იცნობს მის ნაკლოვანებებს ვიდრე ის, ვინც ამისგან შორს დგას.

* * *
სიძლიერე მშვიდია და სავსე.

* * *
სიბრძნე სრულყოფილებასთან შედარებით საკუთარი უვიცობის გააზრებაცაა.

* * *
მზეჭაბუკი ბერიკაცსა ჰგავს: ორივე მზიურად შეიგრძნობს სიცოცხლის თითოეულ დღეს და სავსედ ცხოვრობს მათ.

* * *
თუ გინდა აკეთო საკაცობრიო საქმე, აკეთე ეროვნული ისე, რომ გიყვარდეს და სხვა ერებსაც სცემდე პატივს.

* * *
ცნობიერება, რომელიც მატერიალური ღირებულებების მოპოვებისკენაა მიმართული, თავისი განვითარების ხარისხით ერთუჯრედიანი ამების დონეზე დგას სულიერი ღირებულებებისკენ ორიენტირებულ ცნობიერებასთან შედარებით.

* * *
სიცოცხლის სიბრძნე სიყვარულში დევს. სიყვარული კი ღმერთია-იგია საუკეთესო მოძღვარი.

* * *
საქართველო დღეს უსაფუარო ცომია.

* * *
მცდარმა არჩევანმა განგების სილა იცის შედეგად.

* * *
მიტომ ვერ გამასწრებ, რომ გამირბიხარ.
მიტომ გაგასწრებ, რომ არ მოგსდევ.

ანუ ქონდრისკაცს ის ქმნის პატარად, რომ საკუთარი თავის შეცნობის მაგივრად მზერა მუდამ გარესამყაროსკენ აქვს მიქცეული და შესაბამისად, ვერ გაუსწრებს და ვერ მოიღვაწებს იმაზე მეტს, ვიდრე ის, ვინც მიხვდა ჭეშმარიტებას.

* * *
როდესაც XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ პოეტს, ჩეზარე პავეზეს ჰკითხეს, თუ ვის მიიჩნევდა თავისი ქვეყნის საუკეთესო თანამედროვე პოეტად, მან ასეთად ვიტორიო დე სიკა დაასახელა. შესაბამისად მეც ყველა დროის უდიდეს პოეტად ქრისტეს ვთვლი, ადამიანებს შორის-სოკრატეს, ხოლო უდიდეს მთავარსარდლად-პავლე მოციქულს...

* * *
თავისუფლება გაშლილი სივრცეებია.

* * *
რა არის სერიოზული? როცა 80 წლის ბერიკაცი ამბობს, რომ დიდი ბავშვია.

* * *
მზეჭაბუკები ბერიკაცებსა გვანან-თავიანთი სიცოცხლის თითოეულ დღეს მზიურად შეიგრძნობენ და სავსედ ცხოვრობენ.

* * *
When lover criminal’s only fault is their love, the true criminals are those, who consider them this way.

* * *
ღმერთმა გვიმრავლოს ისეთი შეცდომები, რომელთა აღიარებაც უდიდესი სიამოვნებაა.

* * *
შინაგან ყველა ქალს უნდა, ამოკითხულ იქნეს, მაგრამ ყველას არ ძალუძს ქალის წაკითხვა.

* * *
სიყვარული ყველაფერს მოიცავს და ყოველივეს მასში სიყვარული ჰქვია.

* * *
23 ნოემბერი-მგლისმუხლა ორფეოსის გამარჯვების დღეობა

* * *
სიყვარული ის სამეფოა, რომელშიც სამოთხე და ჯოჯოხეთი თანამყოფობენ.

* * *
ეპოქალური ღრიანკალების-გალასა და ირრუბაქიძის შემოქმედებათა მუსიკალური გააზრება და მუსიცირება.

* * *
გველოსანი-განკურნების, უკვდავებისა და მზეობის გენია.

* * *
ქალს ყოველთვის მოუსმინე, მაგრამ ყოველთვის არ დაეთანხმო, რადგან მართალია, სიამოვნებთ გამგები მამაკაცები, მაგრამ არ და ვერ ყვარობენ მუდამ და ყველაფერში დამყოლებს. ეს უკანასკნელი, ადრე თუ გვიან, ლახავს როგორც ქალურ, ასევე მამაკაცურ თავმოყვარეობას.

* * *
თავმოყვარეობა უკიდურესად ადამიანური გრძნობაა, პატივმოყვარეობა კი-ცხოველური ინსტინქტის უზენაესი გამოვლინება. შუა უზით დიდი ზღვარი.

* * *
არა სიცოცხლეს წერისათვის; კი წერას სიცოცხლისათვის.

* * *
ქალი უფსკრულია; და რაც უფრო ქალურია იგი, მით უფრო უძიროა მისი მშვენირების სიღრმე.

* * *
ვისაც ისევე არ უყვარს სიღრმე, როგორც სიმაღლე, ქალს ვერ შეიცნობს.

* * *
ცოლ-ქმრობა კიდევ ერთი მოსაწყენი ტვირთი ხდება იქ, სადაც სიყვარული და მეგობრობა არაა.

* * *
პოეტისათვის ყოველი დღე ლამაზია და მშვენიერი

* * *
ამინდი ოდენ კარგი, ან ცუდი კი არაა, საინტერესოცაა.

* * *
გულის სიბერეს მუსიკა აკლია.

* * *
სიცოცხლე იმას უყვარს შინაგანი გამეტებით, ვინც სიკვდილს ღირსეული ღიმილით ერკინება.

* * *
ყოველთვის მოულოდნელი იგია, ვინც სიტუაციაზე მაღლა დგას.

sabato 1 novembre 2008

ღვინობისთვე, 2008

* * *
ქალი არა როგორც წარმწყმედელი მაცდური, არამედ ქალი, როგორც უკვდავების ასტრალური ხიდი.

* * *
ჰესსე-სულის უფსკრულებიდან ამოფრქვეული ზღაპარი; კაფკა-ფანტომი; ირრუბაქიძე-ნათელმხილველი, გრძნეული ღრიანკალი.

* * *
დალისაგან ჯოჯოხეთის მედიტერანული ფერთა სიუხვით მოაზრება ჰესსეს მასკარადსა და ბულგარკოვის მეჯლისში პოულობს პარალელებს.

* * *
ქართული როკვის შინაარსი ის ზეიმია, რომლის ცეკვით თარგმანებულ დახვეწილ საზოგადოებრივ ურთიერთობებზე უკეთესს არ იცნობს კაცობრიობა.

* * *
ცხოვრება საკრალური თამაშია. მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია და მოძრაობაში მოჰყავს სული; უკვდავება კი გამარჯვებას მოაქვს. ტრიუმფი არა ოდენ საბოლოო შედეგია, არამედ ყოველდღიური პროცესი.

* * *
თვითმკვლელობას გიჟი ახორციელებს... უმწიფარი ადამიანი გაურბის მას... ბრძენი კი-დასცინის...

* * *
სიბრძნე მალამოა.

* * *
ერიშვილი ერის ძმაცაა და ერის მამაც. მანდილოსნის შემთხვევაში-შესაბამისად.

* * *
სიყვარულში სულის სიმტკიციდან სულის ალუღლუღებამდე ერთი ნაბიჯია და პირიქით.

* * *
დაღლისას წელში გაიმართე.

* * *
ცოდნა, რომელიც არ სულიერდება და არ ხორციელდება, მკვდარია.

* * *
ამაოება ღლის. უკვდავება კი წუთისოფლისაგან დაღლილსაც ამხნევებს.

* * *
ნებისმიერ ადამიანს, ყველაზე ცოტა, ერთი უახლოესი მეგობარი მაინცა ჰყავს და ეს მისი მფარველი ანგელოზია. კიდევ უფრო დიდი მეგობრებია მაცხოვარი უფალი ჩვენი-ქრისტე და მარიამ ღვთისმშობელი. მათ გულში, გულით და გულიდან ესაუბრებიან.

* * *
გული-ბაგე სიყვარულის
გული-თვალი სიყვარულის
გული-სმენა სიყვარულის
გულისცემა-ფეთქვა სიყვარულის
გული: დრო-სივრცის გადამდნობი ზღაპრული ბრძმედი.

* * *
არც ფილოსოფია, არც მეცნიერება, არც ხელოვნება, არამედ რაღაც უფრო მეტი.

* * *
სიყვარული შემოქმედების საუკეთესო წყაროა.

* * *
მთელი შემოქმედება, როგორც ერთი დიდი ბოლერო.

* * *
საუკეთესო ღვთისმეტყველება ისაა, როდესაც სიბრძნის სიყვარულის სული ხელოვნებაა, ხოლო მეცნიერება-მისი სხეული.

* * *
მთელი სამყარო და არსებობა-სიყვარულის მასალა.

* * *
ბედნიერება გულმზიანობაა-ბედნიერებაა გულმზიანობა.

* * *
გასქელებული ტანი-გათხელებული სული.

* * *
ბოროტება საზღვრულია, სიკეთე-ამოუწურავი.

* * *
ლოტოსი: საკუთარი თავის ამოზიდვა-ამოზრდა ამაო ყოფიერების ჭაობიდან.

* * *
შეიძლება ხანში შესული დიდი ბავშვიც იყო;
შეიძლება ხანში შესული ორი წლის ბავშვივით იქცეოდე...
ერთმანეთისაგან არსობრივად განსხვავებული რამეა.

* * *
უკვდავება წყალივითაა: მას გაშლილი თითებით ვერ მოიხელთებ და გაგებნევა, თუკი მარადისობის ჭურჭლად არ იქციე თავი.

* * *
ბედნიერი გული უამრავი სიკეთის განძთსაცავია.

* * *
მხოლოდ მშვენიერება არსებობს-უფრო და უფრო პარადოქსული ჩანს ხომ, მაგრამ ასე იყო, ასეა და ასეც იქნება.

* * *
ყველაზე დიდი შემოქმედება ისაა, როდესაც ხელში საკრავი (კალამი, საჭრეთელი, ან ფუნჯი, ან სულაც საროკველად ხარ გამზადებული) გიკავია და იმის მაგივრად, რომ გადმოსცე შინაგან დადუღებული, თუ გარესამყაროში ამოკითხულ-ნაგრძნობი, სულგაშეშებული დგახარ უზენაესი მშვენიერების წინაშე და თითსაც კი ვერ ამოძრავებ. გული მაშინ ბედნიერების მზითაა გაკავებული.

* * *
ირრუბაქიძის "მიწასთან დაბრუნება" და ყოველივე მასში დატეული-კოსმოცენტრიზმი;

გალას "ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გაიარე, რაა მამული?"-კოსმოცენტრიზმი;

დოჩანაშვილთან კეჟერაძის მიერ ბუნების წიაღში ჩუმი ძალუმობით გამხელილი სამშობლოს სიყვარული-კოსმოცენტრიზმი;

ხალხური “ბარდში მძრომელო ხოხობო, შენ, ტურფა ხარისთვალაო”-კოსმოცენტრიზმი;

ტექნოცენტრიზმი-ადამიანისა და აქედან გამომდინარე, ზოგადად კაცობრიობის სულიერი იმბეცილიზმის შედეგი.

* * *
ოქრო მწვანეში მიმობნეული და შემოდგომის ფოთლებში დაბინავებული ზაფხულის ცეცხლია.

* * *
სიმბოლო-ღვთიური მოზაიკის ნაწილი.

* * *
მდაა-მისტიური გაკვირვების რომანტიული შორისდებული

* * *
გამარჯვება მამაცების ხვედრია. სიმამაცეს კი სიყვარული და ადამიანობა აკეთილშობილებს.

* * *
სუფრა-სარკე ადამიანის.

* * *
მუსიკა-სიცოცხლის ჩუქურთმა.

* * *
ყოველთვის ყველაფრის პატიება ისეთივე უმსგავსოებაა, როგორც პატიების არმცოდნე ამპარტავნება და ქედმაღლობა. ორივე სნეულებაა.

* * *
ჩინგიზ-ყაენისა და თემურ-ლენგის მონღოლური სისასტიკე სტეპური ინფანტილიზმია კოლხი ძუ ავაზის-მედეას შურისძიების წინაშე.

* * *
კარგი მორკენალი ქალის საუკეთესო მოალერსეცაა, რადგან ძალა და სინაზე ერთმანეთს ავსებენ მასში.

* * *
ფილოსოფია რომ არა, ხელოვნება ღარიბი იქნებოდა და ზედაპირული; ხელოვნება რომ არა, ფილოსოფია კარგა ხნის წინ იქნებოდა გამოგლოვილი.

* * *
იმის მაგივრად, რომ ადამიანთა შორის სიყვარული სუფევდეს, ქვეყნიერება კი მშვიდობისა და მშვენიერების სამეფოს წარმოადგენდეს, დედამიწა ომისა და უვიცობის ასპარეზადაა ქცეული.

* * *
კაცი კაცობდეს, ქალი ქალობდეს,
ერთმანეთს ასე თუ შეავსებენ.

* * *
რიტმი-სევდის, კვდომის, არარსის, ქაოსის დაურვება და მათზე უფლობა.

* * *
საკუთარი თავის გაცნობიერებული მოტყუება ვერაგობაა.

* * *
როგორც ბეთჰოვენისათვის იყო მუსიკა ყველანაირ სიბრძნესა და ფილოსოფიაზე უფრო მაღალი გამოცხადება, ასეთივე აღმატებულია საყვარელი ქალის პირველი ამბორი მთელს პოეზიასთან შედარებით.

lunedì 22 settembre 2008

მკათათვისა. 2001

* * *
ენის სიღრმეებში ჩაწვდომა ხელოვანს ქმნის ადამიანს.

* * *
ყველაზე დიდი ვაჟკაცობა ამ ქვეყნად საკუთარი თავის შეცნობას, მოყვასის სიყვარულსა და სიკეთის ქმნას სჭირდება.

* * *
ღმერთის გამომრიცხავი ვერასოდეს ჩაწვდება ერის რაობას და მისი თითოეული განმარტება-შეხედულება ამ საკითხზე მუდამჟამს მცდარი იქნება.

* * *
შურის ხედვის ისარი მოკლეა.

* * *
მძინარე სულს შთანთქავს წუთისოფელი-მტერმა ჩაიგდოს ხელთ ღვთის საბოძვარი ნიშნავს, უფლის რისხვა დაგატყდეს თავს, რადგან ადამიანს ისე არაფერი ეძლევა.

* * *
სიკვდილი ჟამიერებაში უჟამობაში ცხოვრების საწინდარია.

* * *
ახალი აღთქმა ძველი აღთქმისა და განხორციელებული ღვთიური იმპულსის სინთეზია.

* * *
თითოეული ადამიანის სიცოცხლე თვით წუთისოფელზე, ამაოებაზე დიდია. ამის ვერგააზრებას შედეგად მოყვასის გაუფასურება მოსდევს კაცის თვალში.

* * *
ხსნა არა ამაოების ლაბირინთების ბოლომდე გავლაში მდგომარეობას, არამედ-სხეულებრივი დილეგიდან სულის თავდახსნაში.

* * *
რამდენადაც ყოვლადდიდებულია ღმერთი, იმდენად უდიდესი მისტერია იყო ძე ღვთისას განკაცება ამ ქვეყნად.

* * *
უნივერსალურ ჭეშმარიტებას მშვენიერება განაპირობებს და არა-სილამაზე.

* * *
წუთისოფლის რაობა ადამიანის პიროვნული ტრაგიზმის განმაპირობებელი გარეფაქტორია, რამეთუ ამაოების მატერიალისტური, სხეულებრივი აგებულება საზღვრულს ხდის, ბოჭავს სულიერ უსაზღვროებას.

* * *
ჭეშმარიტების ჭვრეტა საფუძველია მისი შეგრძნებისა და მასში განვრცობის.

* * *
სხეულის გალაღებით ჭეშმარიტ ბედნიერებას მაინც ვერ ვაღწევთ, რადგან სული მას ეწირება, კვდება.

სულზე ზრუნვა კი იურვებს სხეულს და შედეგი სამარადისო შვებაა, ნეტარება.

აირჩიე, ადამიანო.

* * *
ენა იდეალურად გამოსახავს თავისი ერის სულსა და მატიანეს.

* * *
ზედმეტი ლაპარაკი დროს ჰპარავს ადამიანს ჭეშმარიტების მოღვაწებისათვის.

* * *
ცალკერძი სილამაზე ამაოების გამოვლინებაა.

* * *
ხსნა ჭეშმარიტ ღმერთთან მიახლოების ნიადაგზე საკუთარი თავის შეცნობაშია.

* * *
საწყისისა და ბოლოს არსებობა ურთიერთმიზეზშედეგობრივია.

* * *
"არ არის ღმერთი" უფრო მასზე გულგაბოროტებულის ამონათქვამია, ვიდრე მისი არსებობის გამომრიცხველის.

* * *
კურთხეულია ღვთის ნების ამსრულებელი და მიმყოლი.

* * *
თუკი საკუთარ თავში ვერ იპოვი სიმშვიდეს, სამყაროც კი ვერ დაგიტევს.

* * *
არცერთი იმპერია არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის
სიცოცხლის ფასად.

* * *
დამპყრობელი ვერ იქნება ხელმწიფე.

* * *
ვისაც სხვისი ერის სიკეთე სურს, საკუთარის აყვავებით უნდა დაიწყოს.

* * *
გენიოსი, შეიცნობს რა საკუთარ თავს, შეიცნობს სამყაროს.

* * *
მთავარია იმ მიზეზთა უარყოფა, რომელნიც ჩვენი სულის სიკვდილს განაპირობებენ და არა-თვითმკვლელობა, რამეთუ სხეული ისედაც მოკვდინებადია.

ნეტარია იგი, ვინაც სხეული დაიურვა სულის ცხოველმყოფელობისა და ლაჟვარდოვან უკვდავებაში დამკვიდრებისათვის.

ჩვენში ცხოვრობს ფენიქსი. ამად, ვკვდებით, რათა ხელახლა დავიბადოთ; ვჭკნებით, რათა სამარადისოდ ავყვავილდეთ.

ასეთი მისტერიაა ადამიანი...

* * *
შეიძლება დილეგში იჯდე და ყველაზე თავისუფალი იყო; მაგრამ შეიძლება თავისუფლებაში მყოფიც ტყვეობაში იმყოფებოდე.

* * *
ვინც წარსულს უარჰყოფს, იგი ვერც მომავალს შექმნის.

* * *
კონკრეტულობამდე ადამიანი ზოგადია.

* * *
სადაც სამართლის მოსმენა არ უყვართ, იქ სიცრუე იკიდებს ფეხს.

* * *
საკუთარი მომავლის შეცნობის სურვილით დაავადმყოფებული ცრუმორწმუნე წიგნის ისეთ მკითხველსა ჰგავს, რომელიც მუდამ წინდაწინ ცდილობს ნაწარმოების შინაარსის გაგებას, მაგრამ არაფერი რჩება ხელთ საბოლოოდ.

* * *
უკვდავების სურნელს აფრქვევს
მშობლიური მიწა,
ვინაც მასში ფესვი გადგა,
დრომ ვერ დაამიწა.

* * *
გინახავთ განრისხებული სიკეთე? უსაშინელესია. მარტო ამის წარმოდგენა შეგზარავს.

* * *
პოეტი მაშინ რჩება პოეტად, როცა მთელს თავის ცხოვრებას, თვით ყოველ ამოსუნთქვასაც კი პოეზიად აქცევს; ასე იქმნებიან უდიდესნი. პოეზიის სამყაროა მათი სამკვიდრებელი. ეს კი უკიდეგანო სივრცეა.

* * *
ნეტარია ადამიანი, რომელსაც მიწისა და მოყვასის სიყვარული აატირებს. ეს სიმდიდრეა, რასაც გაფრთხილება სჭირდება.

* * *
ქალი მეგობარი უნდა იყოს და არა მხევალი, ან ბატონი. ამ ურთიერთობაში თანასწორობის დარღვევა ტრაგედიის მიზეზი ხდება ხშირად.

* * *
პლატონური სიყვარული ჭვრეტითი ხასიათისაა და ამიტომაა ეს კატეგორია აღმატებული ხორციელ ლტოლვაზე, რომელიც პირველისაგან განსხვავებით, იმთავითვე საზღვრულია.

* * *
ხომ სამი სიტყვაა-მე შენ მიყვარხარ, მაგრამ არაფერია მათზე უფრო ძნელად ამოსათქმელი მაშინ, როცა ტრფიალის ცეცხლით ვიწვით.

* * *
ნეტარია ერთი, რომელიც ათასებისათვის იბადება.

ახალწლისა, 2008

* * *
ლექსისა და პოეზიის შეგრძნება ქალის მოფერებას ჰგავს: თუ შინაგანად არ გაითავისე და არ დაინახე, მდაბიური მოყირჭება იცის.

* * *
როგორ გინდა პატივი გცეს ადამიანმა, თუკი სამშობლოს არ სცემ პატივს?

* * *
რვალისებური ხასიათი წითელიცაა, თეთრიცა და შავიც.

* * *
ვინც ადამიანებსა და კაცობრიობას მსოფლიო წესრიგის დამყარებისათვის საჭირო საშუალებად მიიჩნევს, არ უყვარს არც მოყვასი და არც ღმერთი და ამსოფლიური სამოთხის აპელირებით ჯოჯოხეთის დამყარებას უწყობს ხელს. სადაც სიყვარული არაა, იქ მშვენიერებაა მიმქრალი.

* * *
ღვინო ლოცვითა და სიყვარულით უნდა იწურებოდეს. ღვინო საკრალური ცხოვრებაა.

* * *
კაფკა-ევროპის შუაგულის ვირტუალურ სივრცეთა მძლავრი ფანტომი.

* * *
გულიდან ამოსული სიტყვები ვაზია, რომელიც გონების საროს მეშვეობით იყრის ტანს ზეცისკენ.

* * *
XX საუკუნის 20-30 წლების დასავლური კაფეები-ნაზი ავაზების გალია.

* * *
პოეზია უპირველესად გულის ნაჟურია და არა გონებისა.

* * *
ყოფიერება ხდება ტრაგედია, მაგრამ ამ უკანასკნელს აქვს გაგრძელება და იგი სიცოცხლის გამარჯვებაა.

* * *
სადაც მიწა არაა, იქ ცაში ვერ აფრინდები.

* * *
მანდილოსნის რვალისებურ "არა"-ზე მაღლა ისეთი მზიურად ცხელი სიყვარული დგას, რომელიც ამ "არა"-ს თანხმობად გადაადნობს.

* * *
ცხოვრება, როგორც ლხინი და ერთმანეთის გამაბედნიერებელი ურთიერთობები, თუ ცხოვრება, როგორც ბაზარი და საბაზრო ურთიერთობები?!...

* * *

არა, მხოლოდ ფილოსოფოსი ვერ გადაარჩენს სამყაროს მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ასეთი წესი ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია სოტეროლოგიის.

* * *
ბედნიერებაა ერთადერთი სინამდვილე-სხვა ყოველი მირაჟია.

* * *
ბედნიერების საიდუმლო სიყვარულშია.

* * *
ვინც დროს ხარჯავს, მას დრო დახარჯავს.

* * *
დასავლეთი ერთი დიდი სულიერი სტეპი გახდა.

* * *
სიკვდილთან და-ძმობა და მისი გასიგრძეგანება სიცოცხლეს აძლიერებს და უკეთესს ხდის.

* * *
დასავლეთის სიცოცხლე და ახალგაზრდობა აღმოსავლეთშია.

* * *
უჭკნობ სილამაზეს მშვენიერება ქმნის.