* * *
ადამიანმა მხოლოდ იმაზე რომ წეროს, რაც იცის, შორს ვერ წავა.
* * *
ჩიტები ჭიკჭიკით გვეუბნებიან იმას, რასაც მცენარენი დუმილით გვამცნობენ.
* * *
მეფურობა-კეთილშობილება სისადავესა და უბრალოებაშია; არა ამაოების ზიზილ-პიპილოებსა და წარმავლობაში.
* * *
ბრძენი მუდამჟამს ეძიებს იმ ერთადერთ კარს, რომელსაც განგება მისთვის აღებს.
* * *
"მოდი ჩემთან"-ს გულის სიღრმიდან მხოლოდ სიყვარული იძახის: მისი საფუძველი ადამიანში არსებული ღვთიური და მშობლიური გრძნობაა.
* * *
გულით და არა ფულით სიმდიდრე.
* * *
სიყვარულია უზენაესი ღირსება.
* * *
იშვიათი საბედნიერო გამონაკლისები კეთილშობილ სულთა თვისებაა.
* * *
სიყვარულის ფესვი და სიმტკიცე მეგობრობაა.
* * *
ძალა სიცოცხლითსავსე სიტყვას გააჩნია.
* * *
ლოცვის შინა-არსი პოეზიაა. ეს უკანასკნელია ღმერთთან საუბრის უზენაესი პირველსახე.
* * *
ძალუმი სიყვარული და სიკეთეა ვაჟკაცობის უპირველესი სათავე.
* * *
სიბრძნე არა ოდენ სიკეთისა და ბოროტების გაცნობიერებაა, არამედ უკვდავების უსაზღვრობისა და მოკვდავობის საზღვრულობისაც.
* * *
სიკეთე ისეთი რამეა, რომ მის წინააღმდეგ მოქმედს მარადისობის წინაშე საკუთარი თავისთვის გამოაქვს განაჩენი.
* * *
დემონი ჩემი სისუსტის კატალიზატორია და არა ჩემი სიძლიერისა და სიმტკიცის.
* * *
გენიოსის შეცნობასაც თავისი წილი გენიალობა სჭირდება.
* * *
თუ გინდა შინაგანი და სამყაროული არსებობის გაუმჯობესება, კიდევ უფრო გაიკეთილშობილე საკუთარი თავი და მოეფერე, მოესიყვარულე სხვებს.
* * *
გულსავსე ადამიანების საუბარიც საქმეა.
* * *
ცოდვათა ჩადენის შემთხვევაში ვხვდებით უღირსები, თორემ ღმერთმა ყველანი კარგი გაგვაჩინა.
* * *
ზოგი რამის თქმაც კი არ ღირს,
ზოგს დუმილი დამშვენდება.
* * *
გულია არსებობის წრის ცენტრალური წერტილი.
* * *
ხშირად ლამაზი დუმილი მწარე სიმართლეზე მეტია.
* * *
ღირსების ხარისხი საქმიანი დუმილის პირდაპირპროპორციულია. წუთისოფლის ტრაგიკულობა კი ისაა, რომ ცოტაოდენს თუ ესმის და ცნობს ერთსაც და მეორესაც.
* * *
ბედნიერება მუდამ ღმერთივით ახლოსაა. ოღონდაც ეგაა, რომ ჩვენი შინაგანი სიბრმავისა და მოუმწიფებლობის გამო ხშირად თვითონვე ვიშორებთ თავს მისგან.
* * *
სიყვარული კეთილშობილი სულის ვაჟკაცობა და სიბრძნეა. ვისაც უყვარს, არ წუწუნებს და ოდენ მოცალე შინაგანი ბუნების მქონეთ თუ ესმით ასეთი ადამიანის დუმილით თქმულის.