lunedì 14 aprile 2008

აპნისი. 2008

* * *
ირაციონალურობა კი არა, მეტარაციონალურობა, ზერაციონალურობა.

* * *
რაც უფრო ვუღრმავდები ჯოჯოხეთის სიღრმეებს, მით უფრო ვხედავ დემონების უსუსურობას თავისუფალი ადამიანის წინაშე.

* * *
ამსოფლიური ცხოვრება უფრო რაციონალურია

* * *
ცოდვა არა ოდენ სულიერ თვალს ახშობს, გონებრივ მხედველობასაც აქვეითებს.

* * *
ვინ სხეულითაა ხეიბარი და ვინ-სულით.

* * *
ქალაქი, როგორც ადამიანის, ხელოვანის, პოეტის მიერ შექმნილი ბუნებრივი, სამყაროული წესრიგის ხატი.

* * *
ფილოსოფიაც, მეცნიერებაც და ხელოვნებაც სიყვარულის განხორციელების საშუალებებია. უამისოდ ისინი სიკვდილს, ქაოსს, აბსურდს ავრცელებენ.

* * *
ადრე, თუ გვიან ჩვენ, ყველანი მთვარეს ვუბრუნდებით. მთვარიდან მზემდე კი ერთი ნაბიჯია.

* * *
ქალისადმი უპატივისცემულობა სამყაროს საკრალური წესრიგის შელახვაა.

* * *
არ ვეძებ ბედნიერებას ჩემს გარეთ. იგი ჩემშია.

* * *
გინდა იყო ბედნიერი?-იყავი.

* * *
ქაოსი და სკეფსისი, მათი დაძლევის შემდეგ, ჰარმონიის კიდევ უფრო განმამტკიცებელ ბრწყინვალე გაკვეთილად იქცევიან.

* * *
ნებამზიანობა მეხსიერებას კვდომის ჟანგისაგან ათავისუფლებს.

* * *
ხელოვნებაა ყოველივე ის, რაც ღირსებას მატებს ადამიანს.

მირკანი. 2008

* * *
როცა კაცობრიობა მიხვდება, რომ უფსკრულისაკენ მიემართება, შეიცვლის მენტალიტეტს. როდესაც ეს მოხდება, მისი განვითარების გზა იცვლის გეზს, რაც ფაქტიური, ფიზიკური რეალობის დაძლევას გამოიწვევს. მაშინ ეს უკანასკნელი გაქრობას დაიწყებს, ამოიწურება, რადგან უფრო მაღალ ყოფიერებაში გადავა.

* * *
სიყვარული უზენაესი კეთილგონიერებაა.

* * *
სქესობრივი ურთიერთობა სიყვარულისა და მეგობრობის ჩუქურთმაა და არა მათი თავი და თავი.

* * *
წუწკი და ფულის მფლანგველი ერთმნანეთს გვანან: არცერთის საკმარისი ფული არ არსებობს.

* * *
მართებულად გაგებული და აღქმული ფილოსოფია ნიშნავს ამაოებისა და უმეცრების ქარიშხალთან უტეხ სიმტკიცეს.

* * *
უბრალოება ტკბილია.

* * *
მსუყეა იმათი ბედნიერება, ვისაც არ უცხოვრია.

* * *
ძალადობა-შინაგანი სისუსტე და სიცარიელე

სარწყუნისი. 2008

* * *
ბედნიერება გულისადმი მიყოლაა.

* * *
ნებას გონება აფოლადებს.

* * *
ამაოება აცარიელებს.

* * *
ხელოვნების არსი კვდომასთან და არარაობასთან ჭიდილია და მათი ძლევა.

* * *
დაკვირვებული თვალი სიწმინდის ხელყოფის შემთხვევაშიც ამჩნევს, თუ რამდენად უსახური და გულისამრევია ამაოება.

* * *
სულიერი არისტოკრატიზმი წელში გმართავს.

* * *
ადამიანი მით უფრო საინტერესოა, რაც უფრო ჰგავს საკუთარ თავს. ეს მას უფრორე ხდის განუმეორებელს.

* * *
სნეულ “მე”-ს “შენ” კურნავს-დიალოგი ჰარმონიაა, სულიერი ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

* * *
ყველაზე დიდი მუსიკა გულის მუსიკაა. თავისუფლება სხვა არაფერია, თუ არ ამ ორკესტრის ახმოვანება.

* * *
მზე-ნათლის მუსიკა.

* * *
დაკვირვება-ვიზუალური სმენა.

* * *
ადამიანი საკუთარ თავში იხარშება.

* * *
რა არის ადამიანი, ან რას წარმოადგენენ ტრადიციები, თუკი ერთმანეთს არ არიან შერწყმულნი? ადამიანი აცოცხლებს ტრადიციებს, სულს შთაბერავს მათ. გააზრებულად მიღებული ტრადიციები კი ამწიფებენ, აღრმავებენ და ამტკიცებენ ადამიანის შინაგან სამყაროს.

* * *
ხელოვნების ენა საუკეთესო მეგზურია შემეცნებისათვის.

* * *
ხელოვნება ზღვარდაუდებელი შემეცნებაა.

* * *
წმინდა სამების ანდროგინული ღვთისმეტყველება მიუთითებს ქალსა და მამაკაცს ერთმანეთისადმი მართებულ დამოკიდებულებას.

* * *
რამდენჯერაც ადამიანის ბუნებრიობას არაბუნებრიობა შეეხება, იმდენად აკლდება თავისი წილი მშვენიერება.

* * *
სხვა და სხვა კუთხიდან შენახედი ჭეშმარიტებაა სრული.

* * *
ინტუიცია-სულის გასაღები.

* * *
შესაქმე ვერ იქნება არტისტული მრავალფეროვნებით მდიდარი, თუკი ფილოსოფიური სიღრმით და მეცნიერული სიმტკიცითაც არაა გაჯერებული.

* * *
დიდი ტკივილის გადატანას და დაძლევას დიდი ვაჟკაცობა სჭირდება, ბედნიერების დატევას კი-კიდევ უფრო დიდი ვაჟკაცობა.

* * *
ვინც ცხოვრობს, სიცარიელეშიც კი ნაყოფიერია

* * *
მინოსის ლაბირინთი დანტეს “ღვთაებრივი კომედიის” მთელ ჯოჯოხეთს იტევს

* * *
გინდა ცათა ზიარქმნა? - დატერფე ჯოჯოხეთი.

* * *

როგორ შეუძლია ადამიანს ბუნებასთან, სამყაროსთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება, თუკი თანამედროვეობის ცხოვრების ხასიათი მას უფრო და უფრო ჯაჭვავს შენობის შიგნით. იგივე ეხება ადამიანებს შორის დამოკიდებულებასაც.

* * *
გსურს ღრმა ხელოვნება? ნუ მოგაკლდება ფილოსოფიური ხედვა. გსურს მტკიცე ხელოვნება? იყავი მეცნიერი, რამეთუ ხელოვანი ვერ ეზიარება ზეციურ სიმაღლეებს, თუკი მისი შემოქმედების ფესვები არაა ფილოსოფიური, ხოლო ტანი-ცოდნით გამაგრებული.

* * *
მაშინ, როდესაც მეტყველი დუმილი ყველაზე სრული ენაა, ოდენ ცოტა რამაა, რისთვისაც ღირს კალამის ხელში აღება.

* * *
ფილოსოფია და მეცნიერება, რომელიც არ სუნთქავს პოეზიით, მკვდარია.

* * *
ფილოსოფია ხელოვნების, პოიეზისის გარეშე ვერ იქნება შემოქმედებითი, ხოლო ეს უკანასკნელი სიბრძნის სიყვარულის გარეშე (რომელიც არაა მხოლოდ აზროვნებითი სისტემები, არამედ რაც უმთავრესი და თაურია, ცხოვრების წესს წარმოადგენს) - ღრმა.

* * *
როდესაც პოეზია და ფილოსოფია ერთმანეთს დაშორდა, ფილოსოფიამ კვდომა იწყო, პოეზია კი გაღარიბდა.

* * *
დიალოგი-ადამიანთაშორის ურთიერთობათა სიტყვიერი ალქიმია.

* * *
ფიქრი-ხედვა

* * *
თემიდან მოკვეთა-ლუციფერის ზეციდან განდევნის წინასახე.

აპანი. 2008

* * *
ლოცვამ გველი მეზირ ქანდაკად აქცია, ხოლო მთვარე მზეს შეჰყარა.

* * *
დიდი და გულიანი საუბარი ისაა, რომელიც სიტყვასიტყვით კი არ გამახსოვრდება უფრო, არამედ გულსა და სულში წარუშლელად გრჩება, თვალებში გებეჭდება.

* * *
ბნელეთის ხანა მაშინ დაიწყო, როცა შუა საუკუნეებს “ბნელი საუკუნეები” დაერქვა.

* * *
შინაარსით ლაზარეს სახარებისეული ფაბულა ვეფხისტყაოსნური განზომილებისაა.

* * *
ცოდვა სიგიჟეა და სნეულება.

* * *
ცოდვა არარაობას შობს.

* * *
ტარიელური შემართება ქაჯეთის ციხის ასაღებად პირდაპირკავშირშია სასუფევლის იძულებით აღების ქრისტიანულ ხედვასთან.

* * *
სიცარიელე ხმაურიანია და სუსტი, სისავსე კი-მშვიდი და ძლიერი.

* * *
არ ვარ ანარქიისა და ქაოსის მომხრე, მაგრამ არც მშრალი და მარტივი წესრიგი მომწონს. ჰარმონია მზიურად ძალუმი სისავსეა.

ტირისკონი. 2007

* * *
ყველგან უყვართ, მაგრამ არსად ისე, როგორც საქართველოში.

* * *
ბავშვური ბუნებისათვის სიკვდილი უცხოა.

* * *
ხელოვანი იმითაც განსხვავდება ხელოსანისაგან, რომ მისი ოსტატობა სულიერი სიღრმითაა გაჯერებული.

* * *
სიბრძნის სიყვარულს ცხოვრებისეული გამოცდილება აღვინებს.

* * *
მახვილი სივრცეთა გასაღებია.

* * *
დიდ პოეტებს ნიკაპიც გამოკვეთილი აქვთ.

* * *

გულითადი ადამიანის სამზარეულოში მუდამ თბილა.

* * *

ღმერთს ვერ დაიტევ-გაგიჟდები, გაიჭყლიტები. ადამიანს გადაშეუწერელის შეუძლებელი აღქმა კი არ სრულყოფს, არამედ არსებობაში საკუთარი ადგილისა და საკეთებლის პოვნა-განხორციელება.

* * *

თევზი-აფროდიტე
კირჩხიბი-არტემიდე

* * *
სალამ-ქალამი წმინდათა წმინდაა.

* * *
კაცმა ის და მაშინ უნდა წეროს, რაც და როცა ღირს ფურცელზე გადასატანად.

* * *
სიყვარულს იმაზე მეტი სახელი გააჩნია, ვიდრე შეიძლება გამოითქვას.

* * *
მოზომილი პირდაპირობა მოზომილ მორიდებასაც ნიშნავს.

* * *
ვისაც დიდი შინაგანი ძვრები და სულიერი ტკივილები არ გადაულახავს, არც უცხოვრია.

* * *
წყლის გემო-გამჭვირვალე

* * *
სწორფერისადმი სიყვარული მაშინაა ღრმა და მტკიცე, ოდეს ზოგადად ქალისა და საერთოდ, ქალურობის სიყვარულს ეფუძნება.

* * *
სიმართლე სიბრძნეა.

* * *
ადამიანის ცხოვრება რისი სიმბოლოა? აქედან გამომდინარე, რა აზრი უნდა მიეცეს და რომელია მათ შორის უკეთესი სახე?

* * *
დიალოგსა და კრიტიკაში მზიურდება ადამიანის გონება.

* * *
ჰომერული სიცილი სოკრატესეული ირონიის უზენაესი გამოვლინებაა.

* * *
ვინც ნამდვილად ცხოვრობს, ის აუცილებლად დაუბრუნდება ღმერთს.

გიორგობისთვე. 2007

* * *
ვაჟკაცის ცრემლი სამშობლოს სამკაულია, ქალისა კი-სამყაროსი.

* * *
სამყარო ისეთია, როგორიც ჩვენ ვართ.

* * *
ზნეობა სულის ჯანმრთელობაა.

* * *
უცნაური და ულამაზესია ორსული ქალი.

* * *
უდიდესი კომედია-ცრემლის შედევრი

* * *
საქართველო ტანში მარადიული ჟრუანტელია.

* * *
ეროსი პოეზიაა.

* * *
რაც უფრო ვწვდები მშვენიერებისა და სიკეთის არსს, მით უფრო ვრწმუნდები მათ გამარჯვებაში. კაცობრიობა მივა ამ წერტილამდე.

* * *
ყველაზე დიდი ადამიანის თავის ნაკლთან ერთად მიღებაა, რადგან თუ ეს ვერ შესძელი, ვერც მის ღირსებებთან შესძლებ ამ პიროვნების მიღებას.

* * *
ცდილობდე ლამაზად წერას, ნიშნავს, ცუდად წერდე, რადგან დიდი ხელოვანები მუდამ იმას გადმოსცემენ, თუ რასაც და როგორც განიცდიან; ანუ გააჩნიათ იმდენად დახვეწილი, ესთეტიურად მდიდარი და მუსიკალური შინაგანი სამყარო, რომ მათი ენაქარგული სიტყვა ბუნებრივი ნიჭის შედეგია და არა უდღეური ძალდატანების.

* * *
ფოტოგრაფია იმას ჰქვია, როცა ფოტოზე მაგიდის ირგვლივ შემომსხდარ, მწეველ ქალბატონებს ხედავ, შენ კი სიგარეტის ბოლი გაწუხებს და გაღიზიანებს.

* * *
სახელმწიფო-კომფორტული საპყრობილე, თუ ეროვნული ბედნიერების ყველაზე დიდი საშუალება?

* * *
ვაჟკაცმა, რომელმაც ცრემლის ფასი არ იცის, ვერც ქალს გაუგებს, ვერც სამშობლოს და ვერც მაღალ ღმერთს.

* * *
რა განასხვავებს ქირურგს პოეტისაგან?
პირველი გონებით გაყინული გულის პატრონია, მეორე კი-გულით მზექმნილი გონების.

* * *
ჩემთვის პოეზია ფილოსოფიისა და მეცნიერების მაერთიანებელია, ფილოსოფია-პოეზიისა და მეცნიერების შემკვრელი, მეცნიერება კი-პოეზიისა და ფილოსოფიის შემდუღაბებელი.

* * *
მშობელს შვილს არ უწუნებენ, უკეთესს უქებენ.

* * *
“ვეფხისტყაოსანი”: პოემა-ბედნიერება.

* * *
გულისხმიერი ადამიანი დუმილში მუდამ იპოვის ყველაფერზე პასუხს.

* * *
ადამიანის მარტოობა ტყუილია-ეს დაძაბუნებასა და უდიდეს სასოწარკვეთაში ჩავარდნაზე მაღლამდგომი ჭეშმარიტებაა.

* * *
ყველაზე დიდი სარკე გული და თვალებია.

* * *
საყვარელი ქალის სიყვარული და დიდი ხელოვნება ერთია.

* * *
გონებაზე მაღლა გული დგას. თუმცა, გონება გულის შუქურაა.

* * *
მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს ჩვენი დამძიმებული ხმაც ესმის, უზენაესამდე მხოლოდ სულის მშვიდი საუბარი მაღლდება.

* * *
ცოდვა ნებას ასუსტებს.

* * *
მზიანი ნება ხალასი ილეკროა.

* * *
ვინც ფილოსოფიის, პოეზიისა და მეცნიერების არსს ერთმანეთს უპირისპირებს, მან არც ერთი იცის, არც მეორე და არც მესამე.

* * *
თავისუფლდება სული.

* * *
ვინც თავისი ძალის სახალხო დემონსტრირებას ახდენს, მას თავისი სისუსტის ეშინია.

* * *
მერმისის ინტუიციური შეგრძნება სულმოკლეთ არ ძალუძთ და ეშინიათ კიდეც ამის.

* * *
თავისუფლება ღირსებისა და ზნეობის ზეიმია.

* * *
სიყვარული ბრძოლაა, ბრძოლა-სიყვარული, ორივეს კი კვდომის დაძლევა ამშვენებს.

* * *
ადამიანის შეცნობაზე მეტი ადამიანის გაგებაა, რამეთუ ეს უკანასკნელი პირველსაც მოიცავს.

* * *
სიყვარულსა და მშვიდობას სიბრძნე და სიმამაცე ამტკიცებს.

* * *
გიორგი “მრავალჟამიერივით” მძლავრი და მზეგრძელი სახელია.

* * *
მარტივის გართულებას უფრო მეტი სჭირდება, ვიდრე რთულის გაუბრალოებას.

* * *
ტექნიკა არ შობს სევდასა და ადამიანთა შორის გაუცხოებას, არამედ აძლიერებს მათ. სამივე კი ადამიანის შინაგან სამყაროს მოუწესრიგებლობის შედეგია და ეთიკურ პრობლემას წარმოადგენს.

* * *
მშვენიერება, ჭეშმარიტება და სიყვარული ის უკეთესი ღვინოა, რომელსაც შესმისას ვაჟკაცურად უნდა გაუმაგრდე. მოზომვას კი კუთვნილი სიბრძნე სჭირდება.

ღვინობისთვე. 2007

* * *
ცრემლი სიცოცხლეა.

* * *
ტერმინები: ლინგვისტურ-ტექნიკური აბსტრაქციები.

* * *
ადამიანს ადამიანი ადამიანობით ებეჭდება სულში.

* * *
ეროსი-მზეობა. ვინც არ მზეობს, მკვდარია.

* * *
საუკეთესო დიეტა-მიირთვი, რაც გინდა, ოღონდ ზომა იცოდე. უზომობა სულის ავადმყოფობაა.

* * *
ამაოება-მსუყე და უფესვო, უმისამართო ყოფიერების ნომადიზმია.

* * *
ჯინსებით ქალაქში-პროლეტარული სამოსი.

* * *
დიონისო-ჯოჯოხეთის არეოპაგიტული დამტერფავი.

* * *
ცერზე ამართულ მროკავში მითაჟამის გეორგიანელმა ქურუმებმა ის გენია ჩადეს, რომელიც შემდგომ მოდილიანის სახით განხორციელდა და ცისკენ ტანაყრილი სულიერების უკეთეს განსახიერებას წარმოადგენს.

* * *
საბერძნეთის წარსულის მკვლევართა (Luis Seckan, Pierre Leveque-Les grandes divinitès de la Grèce, Parigi, 1966) გენიალური და მრავალპროფილიანი ფრაზა: "ყველაფერს, რაც დედამიწაზე იზრდება, ჯოჯოხეთში აქვს ფესვები გადგმული". ეს უკვე დიონისური მისტერიაა. დიონისური რიალი კი ჯოჯოხეთის არეოპაგიტიკული დატერფვაა.

* * *
ცისფერი ყანწები-მთვარისა და მზის ერთობის ქართული მისტერია.

* * *
ბახის “ბადინერა”-სულის მზისკენ ავაზება.

* * *
ბაგე-სულის ჭაშნიკი

* * *
ყველაზე დიდი მუსიკა ადამიანში არსებული მუსიკაა

ახალწლისა. 2007

* * *
გენიალურ ადამიანებს ის განასხვავებს სხვათაგან, რომ ისინი ხუთ წელიწადშიც კი ქმნიან ისტორიას მაშინ, როცა სხვები მთელი ცხოვრება ჯერ კიდევ ისტორიის საფუძვლების ჩაყრას უნდებიან.

მარიამობისთვე. 2007

* * *
ძლიერი, თუ სუსტი, მამაკაცური ნება სხვაა და ქალისა კიდევ-სხვა. ასეა ლამაზი, კანონზომიერი და ბუნებრივი.
* * *
სიყვარული ყველას უნდა, მაგრამ არსებობენ ისინიც, ვისაც უსიყვარულოდ ცხოვრება არ შეუძლია.

მკათათვე. 2007

* * *
მცონარებამ ცარიელი აწმყო იცის.

* * *
თეთრია სულის პირველი ნაბიჯი.

* * *
-სად არის ჩვენი სამშობლო?
-გულში.