lunedì 14 aprile 2008

სარწყუნისი. 2008

* * *
ბედნიერება გულისადმი მიყოლაა.

* * *
ნებას გონება აფოლადებს.

* * *
ამაოება აცარიელებს.

* * *
ხელოვნების არსი კვდომასთან და არარაობასთან ჭიდილია და მათი ძლევა.

* * *
დაკვირვებული თვალი სიწმინდის ხელყოფის შემთხვევაშიც ამჩნევს, თუ რამდენად უსახური და გულისამრევია ამაოება.

* * *
სულიერი არისტოკრატიზმი წელში გმართავს.

* * *
ადამიანი მით უფრო საინტერესოა, რაც უფრო ჰგავს საკუთარ თავს. ეს მას უფრორე ხდის განუმეორებელს.

* * *
სნეულ “მე”-ს “შენ” კურნავს-დიალოგი ჰარმონიაა, სულიერი ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

* * *
ყველაზე დიდი მუსიკა გულის მუსიკაა. თავისუფლება სხვა არაფერია, თუ არ ამ ორკესტრის ახმოვანება.

* * *
მზე-ნათლის მუსიკა.

* * *
დაკვირვება-ვიზუალური სმენა.

* * *
ადამიანი საკუთარ თავში იხარშება.

* * *
რა არის ადამიანი, ან რას წარმოადგენენ ტრადიციები, თუკი ერთმანეთს არ არიან შერწყმულნი? ადამიანი აცოცხლებს ტრადიციებს, სულს შთაბერავს მათ. გააზრებულად მიღებული ტრადიციები კი ამწიფებენ, აღრმავებენ და ამტკიცებენ ადამიანის შინაგან სამყაროს.

* * *
ხელოვნების ენა საუკეთესო მეგზურია შემეცნებისათვის.

* * *
ხელოვნება ზღვარდაუდებელი შემეცნებაა.

* * *
წმინდა სამების ანდროგინული ღვთისმეტყველება მიუთითებს ქალსა და მამაკაცს ერთმანეთისადმი მართებულ დამოკიდებულებას.

* * *
რამდენჯერაც ადამიანის ბუნებრიობას არაბუნებრიობა შეეხება, იმდენად აკლდება თავისი წილი მშვენიერება.

* * *
სხვა და სხვა კუთხიდან შენახედი ჭეშმარიტებაა სრული.

* * *
ინტუიცია-სულის გასაღები.

* * *
შესაქმე ვერ იქნება არტისტული მრავალფეროვნებით მდიდარი, თუკი ფილოსოფიური სიღრმით და მეცნიერული სიმტკიცითაც არაა გაჯერებული.

* * *
დიდი ტკივილის გადატანას და დაძლევას დიდი ვაჟკაცობა სჭირდება, ბედნიერების დატევას კი-კიდევ უფრო დიდი ვაჟკაცობა.

* * *
ვინც ცხოვრობს, სიცარიელეშიც კი ნაყოფიერია

* * *
მინოსის ლაბირინთი დანტეს “ღვთაებრივი კომედიის” მთელ ჯოჯოხეთს იტევს

* * *
გინდა ცათა ზიარქმნა? - დატერფე ჯოჯოხეთი.

* * *

როგორ შეუძლია ადამიანს ბუნებასთან, სამყაროსთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება, თუკი თანამედროვეობის ცხოვრების ხასიათი მას უფრო და უფრო ჯაჭვავს შენობის შიგნით. იგივე ეხება ადამიანებს შორის დამოკიდებულებასაც.

* * *
გსურს ღრმა ხელოვნება? ნუ მოგაკლდება ფილოსოფიური ხედვა. გსურს მტკიცე ხელოვნება? იყავი მეცნიერი, რამეთუ ხელოვანი ვერ ეზიარება ზეციურ სიმაღლეებს, თუკი მისი შემოქმედების ფესვები არაა ფილოსოფიური, ხოლო ტანი-ცოდნით გამაგრებული.

* * *
მაშინ, როდესაც მეტყველი დუმილი ყველაზე სრული ენაა, ოდენ ცოტა რამაა, რისთვისაც ღირს კალამის ხელში აღება.

* * *
ფილოსოფია და მეცნიერება, რომელიც არ სუნთქავს პოეზიით, მკვდარია.

* * *
ფილოსოფია ხელოვნების, პოიეზისის გარეშე ვერ იქნება შემოქმედებითი, ხოლო ეს უკანასკნელი სიბრძნის სიყვარულის გარეშე (რომელიც არაა მხოლოდ აზროვნებითი სისტემები, არამედ რაც უმთავრესი და თაურია, ცხოვრების წესს წარმოადგენს) - ღრმა.

* * *
როდესაც პოეზია და ფილოსოფია ერთმანეთს დაშორდა, ფილოსოფიამ კვდომა იწყო, პოეზია კი გაღარიბდა.

* * *
დიალოგი-ადამიანთაშორის ურთიერთობათა სიტყვიერი ალქიმია.

* * *
ფიქრი-ხედვა

* * *
თემიდან მოკვეთა-ლუციფერის ზეციდან განდევნის წინასახე.

Nessun commento: