* * *
დამარცხება წარმატებას გულისხმობს, მაგრამ არ ნიშნავს გამარჯვებას. მარჯი მართებულობაა, რაც სხვა არაფერია, თუ არა განსხვავებულ აზრთა მორიგება და ორივე მხარის გამარჯვება.
* * *
ვისაც სძულს სიყვარულის შემდეგ, მას არც ჰყვარებია.
* * *
სილამაზე თვალს ახარებს, მშვენიერება-სულს.
* * *
მშვენიერება ულამაზესობაზე მეტია.
* * *
თუ მშვენიერი არ ხარ, ულამაზესობა არაა საკმარისი.
* * *
ბედნიერება მშვენიერებას მოაქვს თაურ და არა სილამაზეს.
* * *
ქართველებს ძალიან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი, უფრო მეტი-გასააზრებელი და გაცილებით კიდევ უფრო მეტი-საკეთებელი.
* * *
მანდილოსნები მეცოდებიან, თორემ პოეზიადაშრეტილი ფილოსოფია სწორედაც რომ ქალური საწყისითაა ხელახლა გასანოტივებელი. თუმცა, მამაკაცური საწყისის გარეშე იგი დაკარგავს თავის სიმტკიცეს.
* * *
ძალიან ბევრი რამის ცოდნაა საჭირო, რათა ბავშვურობაში გადავიზარდოთ.
* * *
სპონტანურობა-თავისთავადობასაც თავისი აღვირი სჭირდება.
* * *
ქრისტე მაცხოვარს სასწაულის მოხდენას ურწმუნო უვიცობითა და ამპარტავნებით სთხოვდნენ მაშინ, როცა ყველაზე დიდი სასწაული თვალწინ ედგათ.
* * *
ჩემი სასწაული ჩემი საყვარელი ხალხია; ყოველივე, რაც კი უფალს შეუქმნია.
* * *
სასწაული სასწავლია.
* * *
ადამიანებს შორის უმთავრესია ის, რაც უხილავი, გამჭვირვალე გვგონია და უფრო არსებითი, ვიდრე ბევრი ხილული და ხელშესახები რამ.
* * *
ადამიანი უფრო დიდი სამყარო შეიძლება იყოს, ვიდრე ყველა სახელმწიფო ერთადაღებული. ამად, დანაშაულია ამის არგათვალისწინება, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს არ აფასებენ.
* * *
ზოგჯერ, შიმშილი ცურვის სწავლას ჰგავს.
* * *
მეფური ბუნების ადამიანი სიყვარულში არ წვრილმანდება. მისი შინაგანი ბუნება სავსეა, მთელი, ერთიანი და მზიანი.
* * *
სიკეთეზე დამყარებული თავისთავადობა და ბუნებრიობა უდიდესი ადამიანობაა.
* * *
ვისაც ადამიანი უყვარს და სიყვარული არა, ან სიყვარული უყვარს და მოყვასი არა, სტყუის, რამეთუ ორივეს ერთიანობა სხვა არაფერია, თუ არა ღმერთში დაბრუნება.
* * *
ჰხამს, ადამიანი მარტომყოფიც კი იზრდებოდეს ზნეობრივად და ინაყოფიერებდეს საკუთარ ბედნიერებას.
* * *
სამყაროს ყოფიერებისა და საკუთარი თავის ფენომენოლოგიური შემეცნება არაა საკმარისი ბედნიერებისათვის, თუმცა, აუცილებელია კი.
* * *
სანამ გონებით განჭვრეტილი სიკეთე გულში არ განხორციელდება, ვერ იქცევა ადამიანის საუკეთესო შინაგან მდგომარეობად.
* * *
კაცი უნდა იყო, კაცს კაცობა რომ გაუგო და კიდევ უკეთესი-კაცურად იცხოვრო.
* * *
უზნეობა სირცხვილის შეგრძნების დაკარგვას იწვევს-უსირცხვილო ადამიანი კი ცხოველის საფეხურამდე დადის.
* * *
უსიყვარულოდ დემონებს ვემსგავსებით.
* * *
სიყვარული ჭეშმარიტებაა, უსიყვარულობა კი-ცრუ ყოფიერება.
* * *
განათლება სიკეთის განხორციელების პირდაპირპროპორციულია და არა პატივის მოხვეჭის.
* * *
არსობრივად მართვა მსახურების ყველაზე კეთილშობილური ფორმაა. ყველაფერი, რაც წინათქმას არ შეესაბამება, დესპოტიზმია, რომელსაც ეგოიზმი და ძალადობა ბადებენ. ეს კი, ადამიანში, თუ ადამიანთა ჯგუფში გაბატონებული სიცრუისა და სიკეთე-ბოროტების ცნებათა აღრევის შედეგია.
* * *
ბედნიერების მპოვნელი ღმერთს პოულობს.
სიყვარულის მპოვნელი ღმერთს პოულობს.
მშვენიერების მპოვნელი ღმერთს პოულობს.
ჭეშმარიტების მპოვნელი ღმერთს პოულობს.
უკვდავების მპოვნელი ღმერთს პოულობს.
სიცოცხლის მპოვნელი ღმერთს პოულობს.
მოყვასის მპოვნელი ღმერთს პოულობს.
სრულყოფილების მპოვნელი ღმერთს პოულობს.
* * *
ზოგიერთის ცხოვრება კითხვაა და კითხვათა სიმრავლე, ზოგიერთისა-მტკიცებულება, მოწამეობა; უმრავლესობისა კი-არც ერთი და არც მეორე.
* * *
უზენაესი ხელოვნება ჩვენში ხელოვნებისვე გაცოცხლებაა. ეს კი თავად ცხოვრებას გარდაქმნის უზენაეს ხელოვნებად.
* * *
ადამიანები, ჩვენ თვითონ ვართ ლაბირინთული ციხე-სიმაგრეები, რომელთა შუაგულამდე მიღწევა გვამზიურებს.
* * *
რაც უფრო ვუახლოვდებით წმინდა სამებას, მით უფრო ვთავისუფლდებით, რადგან ღმერთი თვითონაა უზენაესი თავის-უფლება.
* * *
იყო პიროვნება, ეს მთელი ცხოვრებაა.
* * *
ადამიანთა უმრავლესობის აზროვნება გახვრეტილ შაურად არ ღირს; უფრო ნაკლებისა-ათასებად ფასდება, ერთეულებისა კი-ფასდაუდებელია.
* * *
პიროვნულად სუსტია ის, ვინც სხვას ტკივილს აყენებს; ხოლო შინაგანად ძლიერი და გაცილებით სრულყოფილი ის, ვინც სხვათ აბედნიერებს.
* * *
ვინც თავის საქმეს კარგად და ზნეობრივი მართებულობით აღასრულებს, კარგი პოლიტიკოსია.
* * *
პომადა-კოცნით ნაამბორები ტუჩის ფერადი რიდე.
* * *
ადამიანთა უმრავლესობას იმაზე მეტი არ ესმის, რამდენსაც ამბობს. რჩეულები კი მუდამ იმაზე გაცილებით ნაკლებს ამბობენ, ვიდრე ესმით.
* * *
ზოგჯერ დუმილში: სიმართლეს გეტყვი-არ მოგეწონება, ტყუილს გეტყვი-არ მომეწონება.
* * *
მტერს ეშინია პატიოსანი და მშვიდი კაცის.
* * *
ხარისხი მუდამ სჯობს რაოდენობას, ხარისხის რაოდენობა კი საუკეთესო ზომა და ოქროს შუალედია.