Visualizzazione post con etichetta ღმერთი. Mostra tutti i post
Visualizzazione post con etichetta ღმერთი. Mostra tutti i post

lunedì 22 settembre 2008

ახალწლისა, 2008

* * *
ლექსისა და პოეზიის შეგრძნება ქალის მოფერებას ჰგავს: თუ შინაგანად არ გაითავისე და არ დაინახე, მდაბიური მოყირჭება იცის.

* * *
როგორ გინდა პატივი გცეს ადამიანმა, თუკი სამშობლოს არ სცემ პატივს?

* * *
რვალისებური ხასიათი წითელიცაა, თეთრიცა და შავიც.

* * *
ვინც ადამიანებსა და კაცობრიობას მსოფლიო წესრიგის დამყარებისათვის საჭირო საშუალებად მიიჩნევს, არ უყვარს არც მოყვასი და არც ღმერთი და ამსოფლიური სამოთხის აპელირებით ჯოჯოხეთის დამყარებას უწყობს ხელს. სადაც სიყვარული არაა, იქ მშვენიერებაა მიმქრალი.

* * *
ღვინო ლოცვითა და სიყვარულით უნდა იწურებოდეს. ღვინო საკრალური ცხოვრებაა.

* * *
კაფკა-ევროპის შუაგულის ვირტუალურ სივრცეთა მძლავრი ფანტომი.

* * *
გულიდან ამოსული სიტყვები ვაზია, რომელიც გონების საროს მეშვეობით იყრის ტანს ზეცისკენ.

* * *
XX საუკუნის 20-30 წლების დასავლური კაფეები-ნაზი ავაზების გალია.

* * *
პოეზია უპირველესად გულის ნაჟურია და არა გონებისა.

* * *
ყოფიერება ხდება ტრაგედია, მაგრამ ამ უკანასკნელს აქვს გაგრძელება და იგი სიცოცხლის გამარჯვებაა.

* * *
სადაც მიწა არაა, იქ ცაში ვერ აფრინდები.

* * *
მანდილოსნის რვალისებურ "არა"-ზე მაღლა ისეთი მზიურად ცხელი სიყვარული დგას, რომელიც ამ "არა"-ს თანხმობად გადაადნობს.

* * *
ცხოვრება, როგორც ლხინი და ერთმანეთის გამაბედნიერებელი ურთიერთობები, თუ ცხოვრება, როგორც ბაზარი და საბაზრო ურთიერთობები?!...

* * *

არა, მხოლოდ ფილოსოფოსი ვერ გადაარჩენს სამყაროს მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ასეთი წესი ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია სოტეროლოგიის.

* * *
ბედნიერებაა ერთადერთი სინამდვილე-სხვა ყოველი მირაჟია.

* * *
ბედნიერების საიდუმლო სიყვარულშია.

* * *
ვინც დროს ხარჯავს, მას დრო დახარჯავს.

* * *
დასავლეთი ერთი დიდი სულიერი სტეპი გახდა.

* * *
სიკვდილთან და-ძმობა და მისი გასიგრძეგანება სიცოცხლეს აძლიერებს და უკეთესს ხდის.

* * *
დასავლეთის სიცოცხლე და ახალგაზრდობა აღმოსავლეთშია.

* * *
უჭკნობ სილამაზეს მშვენიერება ქმნის.

mercoledì 16 luglio 2008

მკათათვისა. 2008

* * *
ვინ ბედნიერებას ირჩევს და ვინ-სიამოვნებას. პირველი მოიცავს მეორეს, სიამოვნება კი არ მოიცავს ბედნიერებას, რადგან ამ უკანასკნელის შემადგენელი ნაწილია ოდენ. ვაი მას, ვინც სიამოვნება ირჩია ცხოვრებაში: როდესაც გავლენ ახალგაზრდობის წლები, განქარდებიან მათთან დაკავშირებული ძალა და სილამაზე, ადამიანს სიცარიელე და დაცლილი სული შერჩება ხელთ, რამეთუ წარმავალი ამაოება არჩია წარუვალ მარადისობას.

* * *
ვაჟკაცობა სიყვარულში ჭკუიდან არგადაწევაცაა.

* * *
ვაჟკაცობა სიყვარული
დატევაცაა.

* * *
სიყვარულს ყოველივე წესრიგში მოჰყავს.

* * *
არსებობს მხოლოდ მშვენიერება. მისი მინავლება არარსებობის ზრდის ნიშანია ჩვენში.

* * *
სიტყვებიც ცოტაა ღმერთის სადიდებლად.

* * *
რწმენა ზეგონებრივი მდგომარეობაა, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ერთი არანაირად არ გამორიცხავს მეორეს.

* * *
განა მამის მკვლელობის სახე არაა უძღები შვილის მიერ მამისეული სახლის დატოვება? შედეგი-მამის ბრწყინვალებაში კვლავ აღდგომილი და ახალშობილი სახით დაბრუნებისათვის შინაგანი ზრდა და სულიერი ჭურჭლის გაღრმავება.

* * *
კენტი ფილოსოფიური მიდგომა არ ქმნის ცხოველმყოფელს ადამიანის არსებობას, თუკი ამას თან ხელოვნების შემოქმედებითობა და საქმიანი ცოდნა არ ავსებს.

* * *
მანახე შენი მარტოობა და გეტყვი, ვინ ხარ შენ.

* * *
ერთადერთი ძალა სიყვარულია და მით უფრო დიდია იგი, რაც უფრო მაღლაა მიმართული.

* * *
ახალგაზრდა მოხუცები და მოხუცი ახალგაზრდები...

* * *
კათარზისსა და წმინდანობას არც გარე ფაქტორების გამო აქვს ადგილი და არც სხვა ადამიანიებისათვის-იგი შინაგანი მოთხოვნილებაა უპირველესად. ამის შემდეგ იძენს იგი გარესამყაროსადმი სასარგებლო მნიშვნელობას.

* * *
ტარკოვსკი + დოჩანაშვილი = სხვისთვის რომ გახდე დღესასწაული, უნდა იცოდე, თუ როგორ ექცე საკუთარ თავს ზეიმად თვით მარტოობაშიც კი.

* * *
მუსიკა, როგორც ცეცხლის მატარებელი, მაგარი და ამავე დროს, ჰაეროვნად მეტყველი წყალი.

* * *
დასავლეთმა, თავისი კრიზისების წკვარამებში, ყველა მოიდგა სიცოცხლით მანოყიერებელი კავკასიური სინამდვილის გარდა. ეს ჩვენი ბრალიცაა და ჩვენი ისტორიული თავგადასავლის შედეგიც.

* * *
მოხუცები ბავშვებივით რომ ესაუბრებიან ცხოველებს, ისაა ლამაზი და საინტერესო.

* * *
ქართული პოეზიის მანტია თვითონ სამყაროა.

* * *
ცოდვის გზა მოკლეა.

* * *
შინაგანად ადამიანი ისეთი რთულია, შემოქმედებითად რომ მიუდგეს საკუთარ თავს, მოსაწყენი დრო აღარ დარჩებოდა.

* * *
ამაოებაში ჩაძირვა ღმერთს და ადამიანს ავიწყებს მაშინ, როცა არაფერია უფრო ძვირფასი და ტკბილი, ვიდრე ღვთისა და მოყვასის სიყვარული.