* * *
ვინ ბედნიერებას ირჩევს და ვინ-სიამოვნებას. პირველი მოიცავს მეორეს, სიამოვნება კი არ მოიცავს ბედნიერებას, რადგან ამ უკანასკნელის შემადგენელი ნაწილია ოდენ. ვაი მას, ვინც სიამოვნება ირჩია ცხოვრებაში: როდესაც გავლენ ახალგაზრდობის წლები, განქარდებიან მათთან დაკავშირებული ძალა და სილამაზე, ადამიანს სიცარიელე და დაცლილი სული შერჩება ხელთ, რამეთუ წარმავალი ამაოება არჩია წარუვალ მარადისობას.
* * *
ვაჟკაცობა სიყვარულში ჭკუიდან არგადაწევაცაა.
* * *
ვაჟკაცობა სიყვარულის დატევაცაა.
* * *
სიყვარულს ყოველივე წესრიგში მოჰყავს.
* * *
არსებობს მხოლოდ მშვენიერება. მისი მინავლება არარსებობის ზრდის ნიშანია ჩვენში.
* * *
სიტყვებიც ცოტაა ღმერთის სადიდებლად.
* * *
რწმენა ზეგონებრივი მდგომარეობაა, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ერთი არანაირად არ გამორიცხავს მეორეს.
* * *
განა მამის მკვლელობის სახე არაა უძღები შვილის მიერ მამისეული სახლის დატოვება? შედეგი-მამის ბრწყინვალებაში კვლავ აღდგომილი და ახალშობილი სახით დაბრუნებისათვის შინაგანი ზრდა და სულიერი ჭურჭლის გაღრმავება.
* * *
კენტი ფილოსოფიური მიდგომა არ ქმნის ცხოველმყოფელს ადამიანის არსებობას, თუკი ამას თან ხელოვნების შემოქმედებითობა და საქმიანი ცოდნა არ ავსებს.
* * *
მანახე შენი მარტოობა და გეტყვი, ვინ ხარ შენ.
* * *
ერთადერთი ძალა სიყვარულია და მით უფრო დიდია იგი, რაც უფრო მაღლაა მიმართული.
* * *
ახალგაზრდა მოხუცები და მოხუცი ახალგაზრდები...
* * *
კათარზისსა და წმინდანობას არც გარე ფაქტორების გამო აქვს ადგილი და არც სხვა ადამიანიებისათვის-იგი შინაგანი მოთხოვნილებაა უპირველესად. ამის შემდეგ იძენს იგი გარესამყაროსადმი სასარგებლო მნიშვნელობას.
* * *
ტარკოვსკი + დოჩანაშვილი = სხვისთვის რომ გახდე დღესასწაული, უნდა იცოდე, თუ როგორ ექცე საკუთარ თავს ზეიმად თვით მარტოობაშიც კი.
* * *
მუსიკა, როგორც ცეცხლის მატარებელი, მაგარი და ამავე დროს, ჰაეროვნად მეტყველი წყალი.
* * *
დასავლეთმა, თავისი კრიზისების წკვარამებში, ყველა მოიდგა სიცოცხლით მანოყიერებელი კავკასიური სინამდვილის გარდა. ეს ჩვენი ბრალიცაა და ჩვენი ისტორიული თავგადასავლის შედეგიც.
* * *
მოხუცები ბავშვებივით რომ ესაუბრებიან ცხოველებს, ისაა ლამაზი და საინტერესო.
* * *
ქართული პოეზიის მანტია თვითონ სამყაროა.
* * *
ცოდვის გზა მოკლეა.
* * *
შინაგანად ადამიანი ისეთი რთულია, შემოქმედებითად რომ მიუდგეს საკუთარ თავს, მოსაწყენი დრო აღარ დარჩებოდა.
* * *
ამაოებაში ჩაძირვა ღმერთს და ადამიანს ავიწყებს მაშინ, როცა არაფერია უფრო ძვირფასი და ტკბილი, ვიდრე ღვთისა და მოყვასის სიყვარული.
Nessun commento:
Posta un commento