* * *
ქალი არა როგორც წარმწყმედელი მაცდური, არამედ ქალი, როგორც უკვდავების ასტრალური ხიდი.
* * *
ჰესსე-სულის უფსკრულებიდან ამოფრქვეული ზღაპარი; კაფკა-ფანტომი; ირრუბაქიძე-ნათელმხილველი, გრძნეული ღრიანკალი.
* * *
დალისაგან ჯოჯოხეთის მედიტერანული ფერთა სიუხვით მოაზრება ჰესსეს მასკარადსა და ბულგარკოვის მეჯლისში პოულობს პარალელებს.
* * *
ქართული როკვის შინაარსი ის ზეიმია, რომლის ცეკვით თარგმანებულ დახვეწილ საზოგადოებრივ ურთიერთობებზე უკეთესს არ იცნობს კაცობრიობა.
* * *
ცხოვრება საკრალური თამაშია. მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია და მოძრაობაში მოჰყავს სული; უკვდავება კი გამარჯვებას მოაქვს. ტრიუმფი არა ოდენ საბოლოო შედეგია, არამედ ყოველდღიური პროცესი.
* * *
თვითმკვლელობას გიჟი ახორციელებს... უმწიფარი ადამიანი გაურბის მას... ბრძენი კი-დასცინის...
* * *
სიბრძნე მალამოა.
* * *
ერიშვილი ერის ძმაცაა და ერის მამაც. მანდილოსნის შემთხვევაში-შესაბამისად.
* * *
სიყვარულში სულის სიმტკიციდან სულის ალუღლუღებამდე ერთი ნაბიჯია და პირიქით.
* * *
დაღლისას წელში გაიმართე.
* * *
ცოდნა, რომელიც არ სულიერდება და არ ხორციელდება, მკვდარია.
* * *
ამაოება ღლის. უკვდავება კი წუთისოფლისაგან დაღლილსაც ამხნევებს.
* * *
ნებისმიერ ადამიანს, ყველაზე ცოტა, ერთი უახლოესი მეგობარი მაინცა ჰყავს და ეს მისი მფარველი ანგელოზია. კიდევ უფრო დიდი მეგობრებია მაცხოვარი უფალი ჩვენი-ქრისტე და მარიამ ღვთისმშობელი. მათ გულში, გულით და გულიდან ესაუბრებიან.
* * *
გული-ბაგე სიყვარულის
გული-თვალი სიყვარულის
გული-სმენა სიყვარულის
გულისცემა-ფეთქვა სიყვარულის
გული: დრო-სივრცის გადამდნობი ზღაპრული ბრძმედი.
* * *
არც ფილოსოფია, არც მეცნიერება, არც ხელოვნება, არამედ რაღაც უფრო მეტი.
* * *
სიყვარული შემოქმედების საუკეთესო წყაროა.
* * *
მთელი შემოქმედება, როგორც ერთი დიდი ბოლერო.
* * *
საუკეთესო ღვთისმეტყველება ისაა, როდესაც სიბრძნის სიყვარულის სული ხელოვნებაა, ხოლო მეცნიერება-მისი სხეული.
* * *
მთელი სამყარო და არსებობა-სიყვარულის მასალა.
* * *
ბედნიერება გულმზიანობაა-ბედნიერებაა გულმზიანობა.
* * *
გასქელებული ტანი-გათხელებული სული.
* * *
ბოროტება საზღვრულია, სიკეთე-ამოუწურავი.
* * *
ლოტოსი: საკუთარი თავის ამოზიდვა-ამოზრდა ამაო ყოფიერების ჭაობიდან.
* * *
შეიძლება ხანში შესული დიდი ბავშვიც იყო;
შეიძლება ხანში შესული ორი წლის ბავშვივით იქცეოდე...
ერთმანეთისაგან არსობრივად განსხვავებული რამეა.
* * *
უკვდავება წყალივითაა: მას გაშლილი თითებით ვერ მოიხელთებ და გაგებნევა, თუკი მარადისობის ჭურჭლად არ იქციე თავი.
* * *
ბედნიერი გული უამრავი სიკეთის განძთსაცავია.
* * *
მხოლოდ მშვენიერება არსებობს-უფრო და უფრო პარადოქსული ჩანს ხომ, მაგრამ ასე იყო, ასეა და ასეც იქნება.
* * *
ყველაზე დიდი შემოქმედება ისაა, როდესაც ხელში საკრავი (კალამი, საჭრეთელი, ან ფუნჯი, ან სულაც საროკველად ხარ გამზადებული) გიკავია და იმის მაგივრად, რომ გადმოსცე შინაგან დადუღებული, თუ გარესამყაროში ამოკითხულ-ნაგრძნობი, სულგაშეშებული დგახარ უზენაესი მშვენიერების წინაშე და თითსაც კი ვერ ამოძრავებ. გული მაშინ ბედნიერების მზითაა გაკავებული.
* * *
ირრუბაქიძის "მიწასთან დაბრუნება" და ყოველივე მასში დატეული-კოსმოცენტრიზმი;
გალას "ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გაიარე, რაა მამული?"-კოსმოცენტრიზმი;
დოჩანაშვილთან კეჟერაძის მიერ ბუნების წიაღში ჩუმი ძალუმობით გამხელილი სამშობლოს სიყვარული-კოსმოცენტრიზმი;
ხალხური “ბარდში მძრომელო ხოხობო, შენ, ტურფა ხარისთვალაო”-კოსმოცენტრიზმი;
ტექნოცენტრიზმი-ადამიანისა და აქედან გამომდინარე, ზოგადად კაცობრიობის სულიერი იმბეცილიზმის შედეგი.
* * *
ოქრო მწვანეში მიმობნეული და შემოდგომის ფოთლებში დაბინავებული ზაფხულის ცეცხლია.
* * *
სიმბოლო-ღვთიური მოზაიკის ნაწილი.
* * *
მდაა-მისტიური გაკვირვების რომანტიული შორისდებული
* * *
გამარჯვება მამაცების ხვედრია. სიმამაცეს კი სიყვარული და ადამიანობა აკეთილშობილებს.
* * *
სუფრა-სარკე ადამიანის.
* * *
მუსიკა-სიცოცხლის ჩუქურთმა.
* * *
ყოველთვის ყველაფრის პატიება ისეთივე უმსგავსოებაა, როგორც პატიების არმცოდნე ამპარტავნება და ქედმაღლობა. ორივე სნეულებაა.
* * *
ჩინგიზ-ყაენისა და თემურ-ლენგის მონღოლური სისასტიკე სტეპური ინფანტილიზმია კოლხი ძუ ავაზის-მედეას შურისძიების წინაშე.
* * *
კარგი მორკენალი ქალის საუკეთესო მოალერსეცაა, რადგან ძალა და სინაზე ერთმანეთს ავსებენ მასში.
* * *
ფილოსოფია რომ არა, ხელოვნება ღარიბი იქნებოდა და ზედაპირული; ხელოვნება რომ არა, ფილოსოფია კარგა ხნის წინ იქნებოდა გამოგლოვილი.
* * *
იმის მაგივრად, რომ ადამიანთა შორის სიყვარული სუფევდეს, ქვეყნიერება კი მშვიდობისა და მშვენიერების სამეფოს წარმოადგენდეს, დედამიწა ომისა და უვიცობის ასპარეზადაა ქცეული.
* * *
კაცი კაცობდეს, ქალი ქალობდეს,
ერთმანეთს ასე თუ შეავსებენ.
* * *
რიტმი-სევდის, კვდომის, არარსის, ქაოსის დაურვება და მათზე უფლობა.
* * *
საკუთარი თავის გაცნობიერებული მოტყუება ვერაგობაა.
* * *
როგორც ბეთჰოვენისათვის იყო მუსიკა ყველანაირ სიბრძნესა და ფილოსოფიაზე უფრო მაღალი გამოცხადება, ასეთივე აღმატებულია საყვარელი ქალის პირველი ამბორი მთელს პოეზიასთან შედარებით.
Nessun commento:
Posta un commento