martedì 5 maggio 2009

ვარდობისთვე, 2009

* * *
უზენაესი ფილოსოფია პოიეზისია. ეს უკანასკნელი სიბრძნის სიყვარულის საუკეთესო ჭურჭელია.

* * *
ანტიკური მემკვიდრეობის გათავისებით შუა საუკუნეებში ქრისტიანობამ შეამზადა ნიადაგი, რათა ღმერთი, ღვთიური წესრიგი და ღმერთკაცობა ყოველდღიური საზოგადოებრივი და სამოქალქო ნორმა გამხდარიყო.

* * *
ადამიანის სიდიადე თავმოყვარე თავმდაბლობაზე გადის.

* * *
სიმართლე სამამაცოა.

* * *
შეიძლება უყურებდე ადამიანს და ვერ დაინახო იგი. შეიძლება არ უყურებდე და არ გედგეს თვალწინ, მაგრამ ხედავდე მას ათასი კილომეტრის იქითაც კი.

* * *
ტანი სულის ყურია.

* * *
მთელი სამყარო რომ გაჩახჩახდეს, ჯერ ჩვენ უნდა ავინთოთ მზეებად.

* * *
პოეზია ოდენ ისაა, რომელსაც სულის რუკებზე ერთი მტკაველით მაინც შეუძლია მთების გადადგმა.

* * *
სიცოცხლე თვითონაა მოძრაობა და ირგვლივაც მოძრაობაში მოჰყავს ყოველივ-შეიძლება ერთი ადგილიდან არ იძვროდე და მაინც მთელი სამყარო შემოიარო.

* * *
ყველაზე დიდი პოეტები ისინი არიან, ვინც ადამიანის გულისა და სულის ფურცლებზე წერენ და არა ქაღალდზე.

* * *
პოეტი ისაა, ვინც ადამიანთა ბედნიერების საფუარია.

* * *
პოეზია სულის ისეთი წვრთნა და განმტკიცებაცაა, რომელიც ბანალურობით სნეულ ყოფიერების ზღვაში ერთი თავით უფრო მაღლა გაყენებს.

* * *
სრულყოფილება მიტომაა სრულყოფილება, რომ საზღვარი არ გააჩნიაა-რაც უფრო მეტს დაიტევ, მით უკეთესი.

* * *
ადამიანები მზეები ვართ. უბრალოდ, კიდევ უფრო მეტი მზიანობა არსებობს-რაც მეტს მოიპოვებ და დაიტევ, მით უკეთესი.

* * *
ადამიანში გაუხმაურებლად არსებული სიბრძნე ძალუმი მაშინაა, როცა დუმილით კიდევ უფრო უღრმავდებიან და მოქმედებაში მოჰყავთ იგი. ერთი შეხედვით, ასეთი საუნჯის მქონე პიროვნების დანახვა არაა ადვილი-გულისხედვა უნდა გქონდეს მახვილი, რომ შეამჩნიო.

* * *
მდუმარედ საქმიანი სიბრძნე უფრო ღრმა და მეტია.

* * *
სიბრძნე მოსასმენადაც თაფლია. მაგრამ განხორციელებული სახით-უფრო ძლიერი.

* * *
რა იქნებოდა სრულყოფილება, ამოწურვადი და საზღვრული რომ ყოფილიყო? არც რა.

* * *
როცა ადამიანი თავისი პიროვნების საზღვრებს აცნობიერებს, უფრო უბრალოა და ნათელი. ხოლო სანამ თავისი სიდიადე უსაზღვრო ჰგონია, მუდამ ილუზიებით დამძიმებული ივლის და ვერ ეღირსება მშვიდობიან და მზიან დღეებს.

* * *
ყველაზე ტკბილი პიროვნების ხასიათის შინაგანი სიმრგვლეა.

* * *
რა იშვიათი ბედნიერებაა ფასდაუდებელი სულის მქონე ადამიანის შეხვედრა.

* * *
თუ ვერ შეიყვარე ადამიანი ისეთი, როგორიცაა, სხვანაირად მას ვერ შეიყვარებ.

* * *
ჩვენი ბავშვობა ზეციური ბავშვობის წინასახეა.

* * *
როდესაც პოლიტიკა კეთილსინდისიერი და ღირსეული ადამიანების ხელში არ იმყოფება, იგი უცილოდ ანტი-პოლიტიკად გადაიქცევა.

* * *
სევდა სიცარიელისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია.

* * *
სოკრატე-ფილოსოფიური აიკიდოს დიდოსტატი...

* * *
ვინც არ ცხოვრობს, ბურიდანის ვირია...

martedì 14 aprile 2009

აპნისი, 2009

* * *
ნეტარ იმას, ვისთვისაც სიცოცხლეც და გარდაცვალებაც ღირსების განმამტკიცებელია.

* * *
განათლებული და ნაკითხი ერთმანეთისაგან იმითაც განსხვავდება, რომ ეს უკანასკნელი კარიკატურული ცოდნის მფლობელია მაშინ, როცა პირველი ცხოვრობს და ახორციელებს ცოდნას.

ნაკითხი ადამიანი ცხოვრების ჩუქურთმაა ოდენ, განათლებული კი თვითონაა არსებობის შინაარსის გამამზიანებელი.

* * *
ზოგიერთი ცხოვრების წყლებში უმისამართოდ ტივტივებს. ზოგი ცურვის დასაწყებად არც დაძრულა ადგილიდან. ზოგმა კი საკუთარი თავი მეორე ნაპირზე გადასვლამდე კარგად გაწვრთნა, მიზანიც კარგად განჭვრიტა და მისი ცურვა თვითონ გადაიქცა მზიანი ნების ძალუმობად. პოიეზისი სიცოცხლის საუკეთესო სახეა.

* * *
ბუნებით ზეციური მიწათმოქმედი უნდა იყო, რომ უბრალო მოვლენისა და საგნისაგაც კი უკვდავება მიიღო ნაყოფად.

* * *
სწავლა რისთვის? იმისათვის, რომ სნეულ ცნობიერებაზე დამყარებული სისტემის ნაწილი გახდე, თუ იმისათვის, რომ განათლდე და ბედნიერებას ეწიო, ხოლო შენი ბედნიერებით სხვასაც არგო?

* * *
ქრისტე ყველა დროის უდიდესი მინდია და ალქიმიკოსი-ღმერთია: მან თავისი ცხოვრებით, ჯვარცმითა და აღდგომით სიკვდილიც კი სიცოცხლედ აქცია.

* * *
ვინც ოდენ ლამაზია, წლებთან ერთად ყვავილივით დაჭკნება. მხოლოდ და მხოლოდ მშვენიერი ლამაზდება კიდევ უფრო სიბერეში.

* * *
სრულყოფილება იმ მთასა ჰგავს, რომელსაც მწვერვალი არ გააჩნია.

* * *
კაცი უპირველესად მუხა უნდა იყო და არა ბამბა.

* * *
სულიერად კეთილშობილი ადამიანის დუმილიც კი პოეზიაა.

* * *
თავაზიანობა ბოდიშს იხდის, კეთილშობილება კი-მადლობას.

* * *
შენზე მაღალი ღირსების ადამიანის დუმილს რომ გაუგო, შესაბამისად უნდა გაიზარდო ჯერ.

* * *
ჩვენი სულის სიღრმეში არსებული მუსიკა ყველაზე დიდი მუსიკაა და მას დუმილით თუ ჩასწვდები-შესწვდები.

* * *
ერთია დაკვირვება, გათავისება-მეორე.

* * *
სიცრუე არღვევს სამყაროულ წესრიგს და ძალადობას განაპირობებს.

* * *
გულისხმიერი ადამიანისათვის ქალის ბუნება მამაკაცური რაობის ისეთივე მზრდელია, როგორიც ეს უკანასკნელია იგივე შინაარსის მატარებელი ქალურობისათვის.

* * *
კაცობრიობა სამოთხეში ჯოჯოხეთის გავლით ბრუნდება.

* * *
დუმილის ჭურჭელი ივსება სიმშვიდით.

* * *
კაცობრიობის ანტიკური ხანის ცნობიერება-ანტიკური ალქიმია.

* * *
უკვდავი ნაწარმოები იმითაც ჰგავს მარადისობას, რომ ერთჯერ მაინც მოჰყავს მოძრაობაში ნებისმიერი ადამიანის გული.

* * *
პოიეზისის სიდიდე მოქმედებაში მოყვანილი და განხორციელებადი ფილოსოფიის სიდიდის პირდაპირპროპორციულია.

* * *
კაცობრიობა ჯერ-ჯერობით არ დგას სულიერი განვითარების იმ ხარისხზე, რომ პოეზიის სინამდვილე ირჩიოს და ამჯობინოს ჩვენში და ჩვენს ირგვლივ არსებულ კვდომით სნეულ არსებობას.

* * *
ყველა ადამიანი გენიოსია. უბრალოდ, ყველას არ ჰყოფნის გენიალობა საკუთარი გენიალობის აღმოსაჩენად.

* * *
უბრალოდ ოდენ ისინი საუბრობენ, ვინც ღრმად ჩასწვდა საგანს.

* * *
ნაკითხი იყურება, განათლებული-ხედავს. მზე-რა განათლებული ადამიანის ხედვაა.

* * *
თავის-უფალი სხვაზე არ ბატონობს.

* * *
ვიღაც "სნობი-ერებას" ირჩევს, ვიღაც კი-ბედნიერებას.

* * *
მით უფრო დიდია შემოქმედება, რაც უფრო ღრმაა თვითშემეცნება.

* * *
სი-კეთ-ე უსამართლობითა და ძალადობით სნეული წუთისოფლის დინების საწინააღმდეგოდ ცურვაა. ნეტარია ამ ცურვაში გამობრძმედილი სულის სხეული.

* * *
სიყვარულს არ სძულს. ის, რაც სიძულვილს იწვევს, სიყვარული არ არის, ხოლო ის, რაც სიყვარული არაა, არანაირი ღირებულება არ გააჩნია.

* * *
განათლებული ღვთის მიერ გახსნილ კარში შედის, გაუნათლებელი კი-ჩიხში.

პ.ს. ბევრის კითხვა განათლებას არ ნიშნავს.

* * *
პავლე მოციქულის ხმალი მშვიდობის, სიმამაცის, სიბრძნის, სამართლიანობისა და სიკეთის სიწმინდეა.

* * *
ინდოევროპელების მოსვლა დასავლეთში იგივე შედეგების მომტანი იყო, როგორიც ბარბაროსებისა რომის იმპერიაში, სადაც ამ უკანასკნელის ნანგრევებზე ქმნიდნენ თავიანთ სამეფოებს.

mercoledì 11 marzo 2009

მირკანი, 2009

* * *
ადამიანმა მხოლოდ იმაზე რომ წეროს, რაც იცის, შორს ვერ წავა.

* * *
ჩიტები ჭიკჭიკით გვეუბნებიან იმას, რასაც მცენარენი დუმილით გვამცნობენ.

* * *
მეფურობა-კეთილშობილება სისადავესა და უბრალოებაშია; არა ამაოების ზიზილ-პიპილოებსა და წარმავლობაში.

* * *
ბრძენი მუდამჟამს ეძიებს იმ ერთადერთ კარს, რომელსაც განგება მისთვის აღებს.

* * *
"მოდი ჩემთან"-ს გულის სიღრმიდან მხოლოდ სიყვარული იძახის: მისი საფუძველი ადამიანში არსებული ღვთიური და მშობლიური გრძნობაა.

* * *
გულით და არა ფულით სიმდიდრე.

* * *
სიყვარულია უზენაესი ღირსება.

* * *
იშვიათი საბედნიერო გამონაკლისები კეთილშობილ სულთა თვისებაა.

* * *
სიყვარულის ფესვი და სიმტკიცე მეგობრობაა.

* * *
ძალა სიცოცხლითსავსე სიტყვას გააჩნია.

* * *
ლოცვის შინა-არსი პოეზიაა. ეს უკანასკნელია ღმერთთან საუბრის უზენაესი პირველსახე.

* * *
ძალუმი სიყვარული და სიკეთეა ვაჟკაცობის უპირველესი სათავე.

* * *
სიბრძნე არა ოდენ სიკეთისა და ბოროტების გაცნობიერებაა, არამედ უკვდავების უსაზღვრობისა და მოკვდავობის საზღვრულობისაც.

* * *
სიკეთე ისეთი რამეა, რომ მის წინააღმდეგ მოქმედს მარადისობის წინაშე საკუთარი თავისთვის გამოაქვს განაჩენი.

* * *
დემონი ჩემი სისუსტის კატალიზატორია და არა ჩემი სიძლიერისა და სიმტკიცის.

* * *
გენიოსის შეცნობასაც თავისი წილი გენიალობა სჭირდება.

* * *
თუ გინდა შინაგანი და სამყაროული არსებობის გაუმჯობესება, კიდევ უფრო გაიკეთილშობილე საკუთარი თავი და მოეფერე, მოესიყვარულე სხვებს.

* * *
გულსავსე ადამიანების საუბარიც საქმეა.

* * *
ცოდვათა ჩადენის შემთხვევაში ვხვდებით უღირსები, თორემ ღმერთმა ყველანი კარგი გაგვაჩინა.

* * *
ზოგი რამის თქმაც კი არ ღირს,
ზოგს დუმილი დამშვენდება.

* * *
გულია არსებობის წრის ცენტრალური წერტილი.

* * *
ხშირად ლამაზი დუმილი მწარე სიმართლეზე მეტია.

* * *
ღირსების ხარისხი საქმიანი დუმილის პირდაპირპროპორციულია. წუთისოფლის ტრაგიკულობა კი ისაა, რომ ცოტაოდენს თუ ესმის და ცნობს ერთსაც და მეორესაც.

* * *
ბედნიერება მუდამ ღმერთივით ახლოსაა. ოღონდაც ეგაა, რომ ჩვენი შინაგანი სიბრმავისა და მოუმწიფებლობის გამო ხშირად თვითონვე ვიშორებთ თავს მისგან.

* * *
სიყვარული კეთილშობილი სულის ვაჟკაცობა და სიბრძნეა. ვისაც უყვარს, არ წუწუნებს და ოდენ მოცალე შინაგანი ბუნების მქონეთ თუ ესმით ასეთი ადამიანის დუმილით თქმულის.

lunedì 2 febbraio 2009

სარწყუნისი, 2009

* * *
ჯანსაღი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი გამართული თავმოყვარეობის საწინდარია.

* * *
თავმოყვარეობა ზრდილობის ბიძაშვილია.

* * *
ჭირსა თუ ლხინში ფილოსოფოსის შინაგანი სამყარო მშვიდია, პოეტისა კი ორივე შემთხვევაში მღერის, შემოქმედებს. კურთხეულია პოეტური სიბრძნე.

* * *
სულიერი სიმშვიდე და ჰარმონია კოსმიური მუსიკის ყურია.

* * *
გონება კითხვაა, რწმენა-პასუხი.

* * *
ქალები-თბილი მთვარეები.

* * *
პოეზია ბედნიერებაა.

* * *
უვიცობა ღირსებისა და საკუთარი თავის მტრობაა.

* * *
უვიცობა სუსტი თავმოყვარეობის წყაროა.

* * *
ქართული ლხინი უძველესი წარსულის მქონე კოსმიური ჰარმონიაა.

* * *
რჩეულთა ლხინი სულის გამაკეთილშობილებელი აკადემიაა.

* * *
განათლების სიყვარული სიბრძნეა: პირველი კი, ცოდნისაგან იმით განსხვავდება, რომ ამ უკანასკნელის სრულყოფილ, უზენაეს გამოვლინებას წარმოადგენს.

* * *
როკვა ეროსის გამოვლინების უდახვეწილესი სახეთაგანია.

* * *
ზოგიერთისათვის საყვარელი ადამიანი კეთილშობილების საფუარია, ზოგიერთისათვის-სიმტკიცე, ზოგისთვის კი-მისი გვირგვინი.

* * *
სრულყოფილება დუმილით მოქმედებს და ძალუმობს.

* * *
ფილოსოფია სიკვდილის სიბრძნის მატარებელია, პოეზია-სიცოცხლის. ორივეს შინაარსი ყოფიერების შემავსებელია.

* * *
უმრავლესობას ისტორიის წაკითხვა შეუძლია, ნაკლებს-მისი შექმნა; ერთეულებს-ერთიც და მეორეც.

* * *
პოლიტიკა ადამიანის, ოჯახის, ერის, კაცობრიობის ჯანსაღი ცხოვრების წესია. ყოველივე ის, რაც ამ წესს ეწინააღმდეგება, ან მისგან განსხვავდება, უმეცრებისა და შეცდომის ნაყოფია.

* * *
პოეზია სიცოცხლეა და არა პროფესია.

* * *
ადამიანი ის პრინციპებია, რომელთაც და როგორადაც აღიქვამს საკუთარ თავსა და გარესამყაროს.

* * *
გულის თვალით ვეხებით ჭეშმარიტებას, გონების თვალით კი ოდენ ვჭვრეტთ მას. სიყვარული გულის ხედვაა.

* * *
მოუზომავი ვნებები გრძნობების გაბლაგვებას იწვევენ.

* * *
სატრფო ის წიგნია, რომელშიც ღმერთი იკითხება, მიჯნურის თვალები და სული კი მისი სათაურია.

* * *
გონება გრძნობების მტკიცია.

* * *
სწავლა სულიერი კეთილშობილების გაღვიძებაა, მისი წვრთნა და განმტკიცება.

* * *
ღმერთი სიყვარულით იგრძნობა.

* * *
ვინც ღმერთს გულით ეძიებს, ბევრისთვის წარმოუდგენელ და მოულოდნელ ადგილასაც იპოვის მას.

* * *
ჯანსაღი გრძნობა და კეთილგონიერება ჯანსაღი რწმენის უმტკიცეს საფუძვლებს ქმნიან.

domenica 25 gennaio 2009

სარწყუნისი, 2005

* * *
სამშობლოსადმი სამსახურმა ადამიანობა არ უნდა დაგაკარგვინოს, რადგან აქ გადის სამართლიანობისა და უსამართლობის ზღვარი.

ღვინობისთვე, 2004

* * *
მართებულია, როცა ადამიანი ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. მეგობრობაში ასე ხდება.

lunedì 12 gennaio 2009

იგრიკა, 2009

* * *
პოეტები იმად კი არ ვართ, რომ ლექსებს ვწერთ, არამედ იმად, რომ გვიყვარს.

* * *
ცარიელი გულისთვის სიყვარულიც ამაოებაა მაშინ, როცა გულმზიანი ადამიანი ამაოებასაც კი ამარადისებს.

* * *
სიყვარულის გულის ჭურჭელში დატევას თავსი ვაჟკაცობა და სიბრძნე სჭირდება.

* * *
სიყვარული ისიცაა, როდესაც უსიამოვნებაც კი ერთით მეტი მიზეზია სიყვარულის ზრდის

* * *
პატარაა იმ ადამიანის სიყვარულის ჭურჭელი, ვისაც არ ესმის მდუმარედ მეტყველი ტრფობის.

* * *
ზოგიერთი ფსიქოლოგიას წიგნებიდან ეცნობა, ზოგი კი გულისხმიერი იბადება.

* * *
ის ადამიანი ფლობს კარგად ენას, ვინც სიყვარულს მეტყველებს.

* * *
სიყვარულში წარსული, აწმყო და მერმისი ერთი მთლიანობაა.

* * *
პოეზია ისტორიის შემოქმედებაა. ეს უკანასკნელი კი-უფრო შექმნილის გააზრება და მოწესრიგებული აღწერა.

* * *
ის უფრო ახლოსაა უფალთან, ვინც აცნობიერებს, რომ გულითაც და გონებითაც შორსაა მისგან, ვიდრე ის, ვინც კიდევ უფრო დაშორებულია ღმერთს, მაგრამ თავი ღვთისგან განათლებულად მოაქვს.

* * *
სიყვარული სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გადის და ორივეზე მაღლდება.

* * *
სიყვარული ერთიანობის სისავსეა.

* * *
სულიერი კეთილშობილებაა ვაჟკაცობა.

* * *
საინტერესო ადამიანის გვერდით ცხოვრება ბედნიერებას არ ნიშნავს-ეს ოდენ ამისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

* * *
დედოფალს მეფის და მეფისადმი სიყვარული ქმნის დედოფლად; მონებს ავხორცები ელტვიან.

* * *
ადამიანი საკუთარი ჩანაფიქრებისა და მათი განხორციელების ხარისხით ადამიანობს.