* * *
ჯანსაღი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი გამართული თავმოყვარეობის საწინდარია.
* * *
თავმოყვარეობა ზრდილობის ბიძაშვილია.
* * *
ჭირსა თუ ლხინში ფილოსოფოსის შინაგანი სამყარო მშვიდია, პოეტისა კი ორივე შემთხვევაში მღერის, შემოქმედებს. კურთხეულია პოეტური სიბრძნე.
* * *
სულიერი სიმშვიდე და ჰარმონია კოსმიური მუსიკის ყურია.
* * *
გონება კითხვაა, რწმენა-პასუხი.
* * *
ქალები-თბილი მთვარეები.
* * *
პოეზია ბედნიერებაა.
* * *
უვიცობა ღირსებისა და საკუთარი თავის მტრობაა.
* * *
უვიცობა სუსტი თავმოყვარეობის წყაროა.
* * *
ქართული ლხინი უძველესი წარსულის მქონე კოსმიური ჰარმონიაა.
* * *
რჩეულთა ლხინი სულის გამაკეთილშობილებელი აკადემიაა.
* * *
განათლების სიყვარული სიბრძნეა: პირველი კი, ცოდნისაგან იმით განსხვავდება, რომ ამ უკანასკნელის სრულყოფილ, უზენაეს გამოვლინებას წარმოადგენს.
* * *
როკვა ეროსის გამოვლინების უდახვეწილესი სახეთაგანია.
* * *
ზოგიერთისათვის საყვარელი ადამიანი კეთილშობილების საფუარია, ზოგიერთისათვის-სიმტკიცე, ზოგისთვის კი-მისი გვირგვინი.
* * *
სრულყოფილება დუმილით მოქმედებს და ძალუმობს.
* * *
ფილოსოფია სიკვდილის სიბრძნის მატარებელია, პოეზია-სიცოცხლის. ორივეს შინაარსი ყოფიერების შემავსებელია.
* * *
უმრავლესობას ისტორიის წაკითხვა შეუძლია, ნაკლებს-მისი შექმნა; ერთეულებს-ერთიც და მეორეც.
* * *
პოლიტიკა ადამიანის, ოჯახის, ერის, კაცობრიობის ჯანსაღი ცხოვრების წესია. ყოველივე ის, რაც ამ წესს ეწინააღმდეგება, ან მისგან განსხვავდება, უმეცრებისა და შეცდომის ნაყოფია.
* * *
პოეზია სიცოცხლეა და არა პროფესია.
* * *
ადამიანი ის პრინციპებია, რომელთაც და როგორადაც აღიქვამს საკუთარ თავსა და გარესამყაროს.
* * *
გულის თვალით ვეხებით ჭეშმარიტებას, გონების თვალით კი ოდენ ვჭვრეტთ მას. სიყვარული გულის ხედვაა.
* * *
მოუზომავი ვნებები გრძნობების გაბლაგვებას იწვევენ.
* * *
სატრფო ის წიგნია, რომელშიც ღმერთი იკითხება, მიჯნურის თვალები და სული კი მისი სათაურია.
* * *
გონება გრძნობების მტკიცია.
* * *
სწავლა სულიერი კეთილშობილების გაღვიძებაა, მისი წვრთნა და განმტკიცება.
* * *
ღმერთი სიყვარულით იგრძნობა.
* * *
ვინც ღმერთს გულით ეძიებს, ბევრისთვის წარმოუდგენელ და მოულოდნელ ადგილასაც იპოვის მას.
* * *
ჯანსაღი გრძნობა და კეთილგონიერება ჯანსაღი რწმენის უმტკიცეს საფუძვლებს ქმნიან.
Nessun commento:
Posta un commento