martedì 5 maggio 2009

ვარდობისთვე, 2009

* * *
უზენაესი ფილოსოფია პოიეზისია. ეს უკანასკნელი სიბრძნის სიყვარულის საუკეთესო ჭურჭელია.

* * *
ანტიკური მემკვიდრეობის გათავისებით შუა საუკუნეებში ქრისტიანობამ შეამზადა ნიადაგი, რათა ღმერთი, ღვთიური წესრიგი და ღმერთკაცობა ყოველდღიური საზოგადოებრივი და სამოქალქო ნორმა გამხდარიყო.

* * *
ადამიანის სიდიადე თავმოყვარე თავმდაბლობაზე გადის.

* * *
სიმართლე სამამაცოა.

* * *
შეიძლება უყურებდე ადამიანს და ვერ დაინახო იგი. შეიძლება არ უყურებდე და არ გედგეს თვალწინ, მაგრამ ხედავდე მას ათასი კილომეტრის იქითაც კი.

* * *
ტანი სულის ყურია.

* * *
მთელი სამყარო რომ გაჩახჩახდეს, ჯერ ჩვენ უნდა ავინთოთ მზეებად.

* * *
პოეზია ოდენ ისაა, რომელსაც სულის რუკებზე ერთი მტკაველით მაინც შეუძლია მთების გადადგმა.

* * *
სიცოცხლე თვითონაა მოძრაობა და ირგვლივაც მოძრაობაში მოჰყავს ყოველივ-შეიძლება ერთი ადგილიდან არ იძვროდე და მაინც მთელი სამყარო შემოიარო.

* * *
ყველაზე დიდი პოეტები ისინი არიან, ვინც ადამიანის გულისა და სულის ფურცლებზე წერენ და არა ქაღალდზე.

* * *
პოეტი ისაა, ვინც ადამიანთა ბედნიერების საფუარია.

* * *
პოეზია სულის ისეთი წვრთნა და განმტკიცებაცაა, რომელიც ბანალურობით სნეულ ყოფიერების ზღვაში ერთი თავით უფრო მაღლა გაყენებს.

* * *
სრულყოფილება მიტომაა სრულყოფილება, რომ საზღვარი არ გააჩნიაა-რაც უფრო მეტს დაიტევ, მით უკეთესი.

* * *
ადამიანები მზეები ვართ. უბრალოდ, კიდევ უფრო მეტი მზიანობა არსებობს-რაც მეტს მოიპოვებ და დაიტევ, მით უკეთესი.

* * *
ადამიანში გაუხმაურებლად არსებული სიბრძნე ძალუმი მაშინაა, როცა დუმილით კიდევ უფრო უღრმავდებიან და მოქმედებაში მოჰყავთ იგი. ერთი შეხედვით, ასეთი საუნჯის მქონე პიროვნების დანახვა არაა ადვილი-გულისხედვა უნდა გქონდეს მახვილი, რომ შეამჩნიო.

* * *
მდუმარედ საქმიანი სიბრძნე უფრო ღრმა და მეტია.

* * *
სიბრძნე მოსასმენადაც თაფლია. მაგრამ განხორციელებული სახით-უფრო ძლიერი.

* * *
რა იქნებოდა სრულყოფილება, ამოწურვადი და საზღვრული რომ ყოფილიყო? არც რა.

* * *
როცა ადამიანი თავისი პიროვნების საზღვრებს აცნობიერებს, უფრო უბრალოა და ნათელი. ხოლო სანამ თავისი სიდიადე უსაზღვრო ჰგონია, მუდამ ილუზიებით დამძიმებული ივლის და ვერ ეღირსება მშვიდობიან და მზიან დღეებს.

* * *
ყველაზე ტკბილი პიროვნების ხასიათის შინაგანი სიმრგვლეა.

* * *
რა იშვიათი ბედნიერებაა ფასდაუდებელი სულის მქონე ადამიანის შეხვედრა.

* * *
თუ ვერ შეიყვარე ადამიანი ისეთი, როგორიცაა, სხვანაირად მას ვერ შეიყვარებ.

* * *
ჩვენი ბავშვობა ზეციური ბავშვობის წინასახეა.

* * *
როდესაც პოლიტიკა კეთილსინდისიერი და ღირსეული ადამიანების ხელში არ იმყოფება, იგი უცილოდ ანტი-პოლიტიკად გადაიქცევა.

* * *
სევდა სიცარიელისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია.

* * *
სოკრატე-ფილოსოფიური აიკიდოს დიდოსტატი...

* * *
ვინც არ ცხოვრობს, ბურიდანის ვირია...

Nessun commento: