giovedì 6 agosto 2009

მარიამობისთვისა, 2009

* * *
ვინც ქალის ტუჩებიდან პოემას ვერ ამოიკითხავს, მას არაფერი ესმის ქალის.

* * *
შრომა კი არა, ღვაწლი აკეთილშობილებს ადამიანს.

* * *
ადამიანებს უვიცობისგან სწყინთ თავიანთი უვიცობა. ასე რომ არ ყოფილიყო, ეცოდინებოდათ, თუ როგორ გადაექციათ იგი ძვირფას სულიერ საგანძურად.

* * *
ყოფიერებისა და საკუთარი თავის გააზრება პოიეზისის, შემოქმედების პირველი საფეხურია.

* * *
ადამიანი ატომებს იქით იწყება და ატომებით გრძელდება.

* * *
უღმერთო ცოდნა მუდამ საზღვრულია და ამოწურვადი.

* * *
როდესაც წუთისოფლის ქალაქს ვშორდებით, ჩვენში არსებული ლაბირინთის გავლით უფლის ქალაქამდე გზის გაკვალვას ვცდილობთ.

* * *
ფილოსოფია რომ არა, კაცობრიობას კიდევ უფრო დაუგრძელდებოდა ჭეშმარიტებასა და ბედნიერებამდე მისასვლელი გზა.

* * *
კაცობა ჭეშმარიტებაა, კაცობრიობა კი-ამ სიმართლის ჯამი. და ეს მაშინ, როდესაც არაკაცების სიმრავლე თვითონ ხდება ერთი დიდი ტყუილი და მას სიცრუე მოსავს ტანს.

* * *
თვითშემეცნება მოყვასსა და ღმერთს გვაახლოებს.

* * *
სიყვარულის განხორციელება და ქმნა თვით სიყვარულადქცევის საწინდარია.

* * *
სიყვარული ისაა, როცა გიყვარს და სამაგიეროს არ ითხოვ. მეგობრობა კი ის დიდი საგანძური, რომელშიც ორი ასეთი სული ერთიანდება.

* * *
ზოგი მკვდარია და ჰყარს; ზოგს სძინავს; ზოგი იღვიძებს; ზოგიერთი კი მზის ბრყინვალებით ტკბება. ერწყმიან რა სიცოცხლის მზეს, მხოლოდ ერთეულები ხდებიან მზეები.

* * *
მოწოდებით, კაცობრიობა ერთი დიდი ოჯახია.

* * *
ერთია, სიკვდილთან ბრძოლაში საკუთარი თავიდან წვეთ-წვეთად გამოწურო მარადისობა და მეორე, თვითონ უკვდავების წყაროსთან შერთვით იქცე ამოუწურავ სიცოცხლედ.

* * *
ვინც ღირსეულად ცხოვრობს, არ კვდება, არამედ გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებს სიცოცხლეს.

* * *
თავისუფალი ადამიანი პიროვნებაა.

* * *
თევზები გემოვნებიანი ხალხია. კირჩხიბები კი მიესწრაფვიან გემოვნებას.

* * *
მოყვასისადმი უნდობლობა საკუთარი თავისადმი უნდობლობიდან გამომდინარეობს, რაც ისეთივე უკიდურესობაა, როგორც ყველასადმი ბრმა მინდობილობა.

* * *
ფილოსოფია ღრმადგააზრებული ცხოვრებისათვისაა საჭირო (რათა თავად იქცეს ასეთად) და არა იმისათვის, რომ ბერწვქმნათ ჩვენი აზროვნება და მოვკლათ იგი.

* * *
ქალთან ურთიერთობაში მამაკაცის უხეშობა კი არა, მისი უფრო მეტი სიმამაცე ჰხამს.

* * *
ხშირად ქრისტე-მაცხოვრის წუთისოფლისათვის უჩვეულო სიბრძნესა და ჩვენს შორის ჩვენივე ზარმაცი უვიცობა დგას.

* * *
სიცოცხლე, რომელიც ერთმანეთისაგან გვაშორებს, სიკვდილია: შესაბამისად ცხოვრება კი-კვდომა.